ვიზიტი სტომატოლოგთან (ნიუანსები) № 2


საბჭოთა პერიოდში მახსოვს ერთ-ერთ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში ესეთ სცენას წავაწყდი, ქირურგის კაბინეტთან დიდი რიგი იდგა, ყველას შეწუხებული, ღამენათევი სახეები ქონდათ. მოგეხსენებათ გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგთან, არც მაშინ და არც ეხლა ჩვენი მოსახლეობისთვის დამახასიათებელი არ არის.

ტექსტი თითქმის ყოველთვის ესეთია:

 – ექიმო 2 კვირაა არ მძინავს

– კითხვა: აქამდე სად იყავით? 

-პასუხი: ადრე არ მტკიოდა.

დათვალიერების ობიექტურ მონაცემებს თუ ვენდობით, აღნიშნულ პაციენტს ეს კბილი, რომელმაც 2 კვირა გაათენებინა, მინიმუმ ბოლო 5 წელია დაავადებული აქვს.

 მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს რიგს. კაბინეტის კარები გაღო და ექთანმა გარეთ 5 პაციენტი გამოუშვა სიტყვებით „ დაგიძახებთ“, და ამის შემდეგ კიდევ 5 პაციენტი მიიპატიჟა კაბინეტში. ძალიან დავინტერესდი მუშაობის ამ სტილით, განსაკუთრებით იმ მომენტში ,  როდესაც გარეთ გამოშვებული 5 პაციენტიდან ერთ-ერთი,  შუა ხნის ქალბატონი,  შეუძლოდ შეიქმნა და იქვე იატაკზე მიიღო იძულებითად ჰორიზონტალური მდგომარეობა.  აურზაურში მაინც მოვახერხე დამედგინა,  რომ უბრალო გულის წასვლასთან გვქონდა საქმე,  ქირურგი არ გამოსულა, თუმცა მისმა ექთანმა,  რაღაც ცუდად გარეცხილი ყავის ჭიქით გაუგებარი წვეთები გამოარბენინა, პაციენტს „ახუხა“ და ჯერ კიდევ გონზე ძლივს მოსულ  ქალბატონს ვალიდოლის უზარმაზარი ტაბლეტი ჩათხარა პირში, ამის შემდეგ,  როგორც უცაბედად გამოჩნდა,  ისევე სწრაფად გაუჩინარდა ქირურგის კაბინეტის კარებს მიღმა.  მიუხედავად ჩემი პროტესტისა,  რომ პაციენტს ასპირაციის და ასფიქსიის თავიდან აცილების მიზნით ვალიდოლის ტაბლეტი პირიდან გამოვუღოთ-მეთქი,  იქ შეკრებილმა საზოგადოებამ კინაღამ ჩამქოლა,  ეს მაგარი ექიმია და ექთანიც ძალიან მაგარი ყავს,  გაიწიე იქით შენ რა იციო.

პაციენტების კაბინეტში ასეთი რაოდენობით შეყვანა-გამოყვანა კი თურმე რა ყოფილა?!  ექიმს თავისი მეთოდი ქონდა ,  პირველ 5 კაცს გაუკეთებდა ანესთეზიას და გარეთ გამოუშვებდა, გაისეირნე სანამ გაგიბუჟდებაო,  ამის შემდეგ კიდევ -5 პაციენტი, ამათი გასეირნების დროს კი, კიდევ 5 კაცი.  შემდეგ პირველი ხუთეულის დრო დგებოდა, კბილები ცვიოდა ფანტასტიური სიჩქარით,  გამიკვირდა კიდეც ნეტა ხელის დაბანას თუ ასწრებს ან ხელთათმანის გამოცვლას მეთქი (აღმოჩნდა რომ ხელთათმანი საერთოდ არ ფიგურირებდა).  პაციენტები აღფრთოვანებულები იყვნენ  – რა სისწრაფით იღებს კბილებსო?!  

სამწუხაროდ ჩემი ვიზიტის მიზეზი სწორედ ეს სისწრაფე იყო, რამეთუ სიჩქარეზე გამოკიდებული ჩვენი კოლეგა ივიწყებდა სინდესმოტომიას და აქედან გამომდინარე პოსტექსტრაქციული ჭრილობების უმეტესობას აღენიშნებოდა ალვეოლის ძვლოვანი ნაწილის და ლორწოვანის ტრავმული დეფექტები,  რაც შემდგომში იწვევდა ჩემი და ჩემი კოლეგების დიდ გადატვირთვას ღამის მორიგეობაზე,  ამდენი სისხლდენა და ლორწოვანის პლასტიკა ცოტა მოსაბეზრებელი გახდა.  იმ პერიოდში დენტალური იმპლანტაცია კარგად ფეხმოკიდებული რომ   ყოფილიყო, ალბათ ესეთი ექსტრაქციების შემდეგ იმპლანტაციისთვის მისული პაციენტების რბილი და მაგარი ქსოვილების მდგომარეობა ქირურგი იმპლანტოლოგების რისხვას გამოიწვევდა, თუმცა ჩემმა ვიზიტმა უშედეგოდ ჩაიარა. რა აზრი ქონდა ლაპარაკს კოლეგასთან,  რომელიც ანესთეზიის გაკეთების შემდეგ,  იმის მაგივრად რომ პაციენტი სავარძელში ყოლოდა მეთვალყურეობის ქვეშ,  გარეთ უშვებდა სასეირნოდ.

ამ ისტორიაში საინტერესო ის არის რომ პაციენტები კმაყოფილები იყვნენ.

საბჭოთა დროის ჩემი ეს თავგადასავალი კარგად დამამახსოვრდა,  ჩემი ვიზიტი თვითნებური არ იყო.  უფროსმა კოლეგამ დამავალა, გადადი დაელაპარაკე იმ ქალს აქ იმისთვის კი არ ვმორიგეობთ,  რომ მაგის ნაექსტრაქციები ვკეროთ მთელი ღამეო.  დავალება ვერ შევასრულე. ექიმმა ისევ თავის სტილში გააგრძელა მუშაობა, სამაგიეროდ ჩვენ ახალგაზრდა სპეციალისტებმა ისე ვივარჯიშეთ კერვაში და ლორწოვანის პლასტიკაში ,  რომ შემდგომ დიდად გამოგვადგა. ჩემი პედაგოგი და უფროსი კოლეგა მეხუმრებოდა –  მე კი არა მაგას უნდა უმადლოდე სწავლა- განათლებას და პროფესიულ ზრდასო.

 ეს ისტორია იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს როდესაც სტომატოლოგია კომერციულ რელსებზე დგას ( მოგეხსენებათ საბჭოთა პერიოდში ეს საქმე უფასო იყო), ზოგირეთ კლინიკაში იგივე მეთოდებით მუშაობენ და არც თუ ისე ასაკოვანი სტომატოლოგები,  ანუ სოვდეპიის გადმონაშთები ვერანაირად ვერ იქნებიან.

მაშ რაშია საქმე?

ალბათ განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე?!  უდაოდ!  და საუბარია არა მარტო ერთ მხარეზე, არამედ ორივეზე.

თუ როგორ უნდა ტარდებოდეს ვიზიტი სტომატოლოგთან ამაზე შემდეგ სტატიაში გავაგრძელებთ საუბარს .

One Response

  1. გაგრძელებას დაველოდები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: