ვიზიტი სტომატოლოგთან (ნიუანსები) № 3


სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ მომწიფებულა იმ დონეზე, რომ ექიმთან ვიზიტმა პროფილაქტიკურ-გეგმიური ფორმა მიიღოს. პაციენტების დიდი პროცენტი მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილის მოთმენის შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ექიმს უნდა მიაკითხოს. სიტუაციის ურგენტულობა აბნევს ექიმ-სტომატოლოგთა უმრავლესობას და განკუთვნილი ოპერატიული პროტკოლის ნაცვლად არამართებულ ქმედებებს აწარმოებენ. ამ დროს ექიმების მხრიდან ხშირად ისმის სწორედ ამ არამართებული ქმედებების გამამართლებელი არგუმენტები. მაგალითად: უახლოეს წარსულში სტომატოლოგიური საზოგადოების მცირე ნაწილი შეკრებილი იყო სტომატოლოგიური პაციენტის ბარათის ფორმის და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესების განხილვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ შეხვედრაზე გაისმა ფრაზები: „ პაციენტი რომელიც პულპიტური ტკივილითაა შემოსული ვერ დაელოდება სამედიცინო დოკუმენტის შევსებას და მასზე მონაცემების შეკრებას, მე როგორც ექიმი ვერ ვალოდინებ, სად ვეძიო ეხლა სამედიცინო ბარათში მოწოდებული კითხვების პასუხები და მათ შევსებაზე დროს ვერ დავკარგავ!“ ეს განცხადებები საკმაო კატეგორიული ტონით იყო წარმოთქმული და აღსანიშნავია რომ საკმაოდ სტაჟიანი ექიმების მიერ.

წარმოვიდგინოთ კლინიკა, პაციენტი მწვავე მუცლით ან ცეცხლნასროლი ჭრილობით, სტომატოლოგებს ალბათ ცოტა გაუჭირდებათ ამის წარმოდგენა, მაგრამ მაინც ვეცადოთ. რა ვქნათ არ დაველოდოთ იმ ელემენტარული გამოკვლევის მეთოდებს რომლებიც ოპერაციის წარმართვისთვისაა საჭირო? არ შეიკრიბოს ანამნეზი შეძლებისდაგვარად? არ განისაზღვროს სისხლის ჯგუფი? პირდაპირ ვეძგეროთ პაციენტს?! არ ჩატარდეს დიფერენციული დიაგნოზი მწვავე მუცელია თუ არა? იქნებ ვცდებით? არ დავადგინოთ ცეცხლანსროლი ჭრილობა სად არის და არ განვსაზღვროთ თორაკალური ქირურგი იქნება საჭირო ოპერაციის მსვლელობის დროს, სისხლძარღვთა ქირურგი თუ ყბა-სახის ქირურგი? (ოპონენტების საყურდღებოდ – ოღონდ ოპერაციის დაწყებას ნუ აურევთ სასწრაფო ექიმამდელ  და ასევე სასწრაფო საექიმო დახმარებასთან, ეს სხვა თემაა)

მოდით განვიხილოთ თუ როგორი უნდა იყოს ვიზიტის მიმდინარეობა, რათა არ მოხდეს არა სწორი დიაგნოსტირება და არამართებული მკურნალობა. ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი არ უნდა იყოს ოპერატიული. სწორედ  ის ექიმები, რომლებიც დიდი კატეგორიულობით გამოირჩევიან, ვერ დაიკვეხნიან ოპერატულობით და სამწუხაროდ გულის წასვლას და კოლაფსს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ!

ANAMNESIS MORBI და ANAMNESIS VITAE

დაავადების განვითარების ისტორია, რომელიც შედგება პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის, ან სულაც თანმხლები პირის გამოკითხვის შედეგად ( ყბა-სახის ქირურგიაში შეიძლება თვითმხილველიც დაემატოს გამოკითხულთა სიას, გააჩნია კლინიკურ შემთხვევას). სტომატოლოგთა შემთხვევაში კი ცოტა უფრო ადვილია ანამნეზის შეკრება, თუ რა თქმა უნდა ექიმს არ დაავიწყდა, რომ ეს აუცილებელია (რაც ხშირად ხდება).

  1. 1.   პაციენტი შემოვიდა კაბინეტში, ვიზუალური კონტროლი – სქესი, სხეულის კონფიგურაცია (ანუ კონსტიტუციურად რომელ ჯგუფს ეკუთვნის), კიდურების არსებობა (აღინიშნება თუ არა კიდურების ორთოპედიული პროთეზირება), გადადგილების თავისებურება (უჭირს თუ არა გადაადგილება), ჩაცმულობა (რა აცვია).
  2. 2.   კონტაქტი ლინგვისტურ დონეზე (განისაზღვრება პაციენტის ლექსიკონის სიმდიდრე), რამდენად გამართულად მეტყველებს, ესმის თუ არა ის ენა, რომელზეც თქვენ აპირებთ მასთან კონტაქტს.
  3. 3.   ანამნეზის შეკრება ვიზიტის მიზეზობრივ დაავადებასთან დაკავშირებით.
  4. 4.   ანამნეზი პაციენტის ცხოვრებაში არსებული სხვა დაავადებების შესახებ.
  5. 5.   ობიექტური დათვალიერება: სახე, კანი, შეფერილობა, ლიმფური კვანძები, პირის ღრუ ( რბილი და მაგარი ქსოვილები)
  6. 6.   დამატებითი გამოკვლევები: დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკა, რადიოვიზიოგრაფია, ორთოპანტომოგრაფია, CT…………
  7. 7.   დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების, ობიექტური მოინაცემების და დამატებითი გამოკვლევების შეჯამების შედეგად დიაგნოზის დიფერენციაცია.
  8. 8.   მკურნალობის გეგმა

ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, ოპერატიულად და ამომწურავად. და არ გვინდა თავის მართლება, რომ ამის დრო არ არის და პაციენტს პულპიტური კბილი ტკივა.

განვიხილოთ ყოველი ნაბიჯი.

სქესი-მდედრობითი ან მამრობითი, განსხვავებული ფსიქოლოგიური სტატუსი, სხვადასხვაგვარი მიდგომა.

სხეულის კონფიგურაცია – ასთენიურია, ჰიპერსთენიული თუ ნორმოსთენიულია, ყოველ მათგანს აქვს თავისი სუსტი რგოლი ჯანმრთელობის მხრივ,  ჭარბი წონა –  ნივთირებათა ცვლის მოშლა? და ა.შ.

კიდურების არსებობა – პაციენტს არა აქვს დავუშვათ ქვედა კიდური,  რატომ არა აქვს.  რა მოხდა?! უბედური შემთხვევაა, თუ დიაბეტის ფონზე განვითარებული განგრენის გამო დაკარგა ფეხი, მაქსიმალური ყურადღება და კონტროლი!

გადაადგილების შეზღუდვა – რატომ უჭირს პაციენტს მოძრაობა, ახლახანს გადატანილი ინსულტის შედეგია თუ ენდოპროთეზირების ოპერაციის შმედგომი რეაბილიტაციის პერიოდია. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი.

ჩაცმულობა – რა აცვია? მოგეხსენებათ სტომატოლოგიურ კლინიკებში პაციენტის ცუდად გახდომა არავის უკვირს, პირველადი დახმარების გაწევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის უხვი ჩაცმულობა ( პალტო, ქურქი, ლაბადა. მოჭერილი ტანსაცმელი და ა.შ.)  ყოველივე ეს ხელს უშლის პირველადი დახმარების ოპერატიულად ჩატარებას და ტანსაცმელთან „ბრძოლას“ მიაქვს ძვირფასი წუთები.

კონტაქტი ლინგვისტურ დონეზე – დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტს გააჩნია თუ არა მდიდარი ლექსიკა. ძირითადად მწირი ლექსიკის პაციენტთან ექიმს შემხვედრი კითხვებით უწევს საჭირო ინფორმაციის მოპოვება (მთავარია თვით ექიმი არ იყოს მწირი ლექსიკონის მფლობელი), შესაძლებელია პაციენტი იყოს მჭერმეტყველი და ერთდროულად ბევრ და არასაჭირო ინფორმაციას აწვდიდეს ექიმს,  უნდა შეგვეძლოს საჭირო მიმართულება მივცეთ საუბარს. უფრო გასაგები რომ იყოს მაგალითს მოვიყვან:

ექიმი: რა გაწუხებთ?

პაციენტი: კბილი.

 (მოკლე და კონკრეტული პასუხი!  მადლობა თქვით თუ ამ პასუხს ირონიული ღიმილი არ მოყვება, ძირითადად ვერ წარმოუდგენიათ რომ პაციენტი შეიძლება სტომატოლოგთან სხვა მიზეზით იყოს მოსული: ენა, ღრძილები, საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი და კიდევ უამრავი რამ)

ექიმი: როგორ გტკივათ?

პაციენტი:   მტკივა რა!        ან            ძალიან მტკივა!       ან      აუტანელად მტკივა!

აი აქ ექიმი იძულებულია ჩაეძიოს და აუხსნას პაციენტს რომ ტკივილი არის:

  1. 1.   მწვავე და ყრუ
  2. 2.   მუდმივი და შეტევითი
  3. 3.   ლოკალური და განფენილი (გადაცემითი და რეგიონული)
  4. 4.   თვითნებითი და მიზეზობრივი

ტკივილის ხასიათის დადგენა გვაძლევს მიმართულებას სწორი დიაგნოზირებისათვი: პულპიტი, მწვავე პერიოდონტიტი, ჩირქოვანი პერიოსტიტი, აბსცესები და ფლეგმონები, ოდონტოგენური ჰაიმორიტი, ნევრიტები და ნევრალგიები,  კიდევ რამდენი ნოზოლოგია და დიაგნოზი შეიძლება ჩამოითვალოს, რომლის აღმოჩენაშიც გვეხმარება ტკივლის ხასითის განსაზღვრა.

ამ ყველაფერს კი პაციენტთა უმეტესობა ვერ მოგიყვებათ თუ შესაბამისი კითხვებით არ მოახდენთ ინფორმაციის შეგროვებას.

გარდა ამისა ესმის თუა რა პაციენტს ენა რომელზეც თქვენ ელაპარაკებით. გასაგებია,  რომ დღეს ბევრი ჩვენი კოლეგა 3-4 ენაზე მეტყველებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მათ გამოადგეთ ინგლისური და გერმანული ზოგიერთ მაცხოვრებელთან, შესაბამისად გჭირდებათ მთარგმნელი და ყურადღება მიაქციეთ და დარწმუნდით რომ ეგრეთწოდებული მთარგმნელი კარგად ფლობს ენას.

გამოკითხვისას უნდა მიექცეს ყურადღება დაავადების დასაწყისის პირობით ვადებს, პირობითს იმიტომ რომ პაციენტს ძირითადად უჭირს ზუსტი მონაცემების მოწოდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა. გამომდინარე ვადებიდან შესაბამისად კეთდება დასკვნა, როგორი სიჩქარით მიმდინარეობს დაავადება, ჰიპერერგიული , ნორმერგიული თუ ჰიპოერგიულია მიმდინარეობა.

ასევე უნდა შეიკრიბოს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი მონაცემები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა, პარენქიმული ორგანოების ფუნქციები, ენდოკრინული დარღვევები, ფსიქო-ემოციური ფაქტორები, სიმსივნური და სისტემური დაავადებები. ყოველივე ის რაც მნიშვნელოვანია და შეიძლება ხელი შეგვიშალოს მკურნალობის გეგმის განხორციელებაში.

ობიექტური მონაცემების შეკრებისას ვათვალერებთ სახეს, მის სიმეტრიულობას, რბილი ქსოვილების მდგომარეობას ( შეშუპება, შესივება, ექსკორიაციები, ჰემატომის კვალი….) ზოგიერთ სტომატოლოგს გაეცინება რად გვინდა ამდენი რამო, პაციენტს კბილი ტკივა და ჩვენ ამდენი ვათვალიეროთო?!  პასუხი მხოლოდ ერთია  – პაციენტს კბილი ჯიბეში არ უდევს, იგი ორგანიზმის ნაწილია და თქვენ ამ ორგანიზმთან აპირებთ მუშაობის დაწყებას, ასე რომ კეთილი ინებეთ და შეისწავლეთ იგი!

რეგიონული ლიმფური კვანძები – სამწუხაროდ თემა რომელიც ჩვენს კოლეგებს ყურადღების მიღმა რჩებათ.

ზომაში მომატება, მტკივნეულობა, მოძრაობის შეზღუდვა- ეჭვი ანთებაზე;

სიმკვირვე, უძრაობა, მჭიდრო კავშირი ირგვლივ ქსოვილებთან – ეჭვი სიმსივნურ წარმონაქმნზე;

სიმკვრივე, უმტკივნეულობა, პაკეტებად შეკრული – სისხლის დაავადებები;

მკვრივ-ელასტიური კონსისტენცია, ზომაში მომატება, მცირე მტკივნეულობა, ცივი აბსცესები, პაკეტებად შეკრული – ეჭვი ტუბერკულიოზზე;

ზომაში მომატება, სიმკვრივე, უმტკივნეულო – ეჭვი სიფილისზე;

ოსტეომიელიტი,პერიოსტიტი, აბსცესები და ფლეგმონები, შიდსი , აქტიონომიკოზი და ა.შ. და ა.შ.

ასე რომ ლიმფურ კვანძებს პატივი ვცეთ და უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ.

დამატებითი გამოკვლევები – კერძოდ რენტგენო დიაგნოსტიკა. ყველაფერი უბრალო დენტლური რენტგენით დაიწყო და დღეს უკვე CTმდე მივედით, მაგრამ თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ რენტგენოკონტრასტულობის სქემა:

ემალი-დენტინი-ცემენტი-ძვალი-პულპა-პერიოდონტი-სინუსები

ასეთი მიმართულებით კლებულობს რენტგენოკონტრასტულობა!

და დადგა ჭეშმარიტების მომენტი – შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი, დიფერენცირება და დიაგნოზის დასმა. მკურნალობის გეგმის შედგენა!

მართებულად შედგენილი მკურნალობის გეგმა წარმატების საწინდარია.

სამედიცინო ბარათში ჩაწერილი ყოველი სიტყვა ყოველთვის შეიძლება გადაიქცეს სასამართლო გარჩევების დოკუმენტად, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციაში მოდავე მხარეების მიერ მოყვანილი არგუმენტების მტკიცებულებად ან უარყოფის საშუალებად წარმოგვიდგება.

4 Responses

  1. ძალზედ საიტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა! დიდი მადლობა.

  2. WOW მაგარია

  3. sagoll magaria momewona

  4. მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: