სტომატოლოგები და ჭრილობის გაკერვის ხელოვნება № 1


ჩემი საექიმო პრაქტკიდან ერთი კლინიკური შემთხვევა მახსენდება.

მაგრამ ჯერ ნიუანსები.

მოგეხსენებათ ექიმ სტომატოლოგებს უყვართ ყველაფრის კეთება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენი პაციენტებიც მიჩვეული არიან რა,  რომ „კბილის ექიმი“ ეს არის პიროვნება, რომელიც პირის ღრუში ნებისმიერ მანიპულაციას ატარებს,  არც იკვირვებენ რომ ერთი და იგივე პირი აწარმოებს კბილის ექსტრაქციას, დაბჟენას, პროთეზირებას, თანკბილვის გასწორებას, ბავშვების მონათვლას, ისტორიის გაკვეთილების ჩატარებას, პოლიტიკური და საბაზრო ეკონომიკური სიტუაციების მოკლე თუ ვრცელ მიმოხილვას.

დღეს უკვე გარკვეულ წილად გაადვილდა სერთიფიცირება და შესაძლებელია რომ ერთ ექიმს გააჩნდეს,  როგორც ქირურგის ,  თერაპევტის, ასევე ორთოპედის სერთიფიკატი და პარალელურ რეჟიმში ოტორინოლარინგოლოგიც იყოს.  ეს უკვე დღეს არავის უკვირს. მაგრამ ერთია სერთიფიკატის მისაღებად რამდენიმე ასეული ტესტის დაზეპირება და მეორეა პროფესიონალიზმი.

დავუბრუნდები იმ კლინიკურ შემთხვევას რომელსაც სტატიის დასაწყისში ვიხსენებდი.

ერთი ფრიად სახელოვანი „კბილის ექიმი“ რომელიც (იმ პერიოდში სერთიფიკატები ჯერ არ იყო) ყოველგვარ სამუშაოს ასრულებდა, ძალიან გაწვალდა ერთი ჯიუტი და ძლიერ დაავადებული კბილის ამოღებისას. დაახლოებით 3 საათიანი წვალების შემდეგ გადაწყვიტა რომ პაციენტი „ვიწროსპეციალობის“ ექიმთან გაეგზავნა ( ასე უთხრა პაციენტს). ეს „ვიწროსპეციალობის“ ექიმი თქვენი მონამორჩილი  მე აღმოვჩნდი. კლასიკური პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული იქნა დაუმთავრებელი ექსტრაქციის დამთავრება ( შესაბამისად ნაფლეთის ჩამოყალიბებით და ლორწოვანის პლასტიკით, რბილი ქსოვლები ძალიან დაზიანებული იყო, ნაკერებიც დაედო )  და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი პაციენტს გამოვემშვიდობე.

დაახლოებით ერთი თვის თავზე აღნიშნული პაციენტი მოხვდა ჩემსავით „ვიწრო სპეციალობის„ მქონე ექიმთან, რომელმაც შეაფასა რა არსებული მიზეზობრივი კბილის პოზიცია,  პაციენტს განუცხადა, რომ მისი კბილის  ექსტრაქციას ყბა-სახის ქირურგი სჭირდებოდა და ჩემი სახელი და გვარი დაუსახელა, უნდოდა პაციენტი გამოეგზავნა. აი აქ იწყება საინტერესო ისტორია. ჩემი კოლეგის სიტყვებიდან, როგორც კი ჩემი სახელი და გვარი უხსენა პაციენტი შეშფოთდა და ასეთი ისტორია მოუყვა „ამ ერთი თვის წინ ერთი კარგი ექიმი კბილს მიღებდა, საშინელი კბილი აღმოჩნდა, თან როგორც თვითონ ამიხსნა საჭირო ინსტრუმენტები არ ქონდა, ბევრი ვაწვალე საცოდავი, დაახლოებით 3 საათი იწვალა.  მერე მაგ თქვენს ექიმთან გამაგზავნა, ამან გამჭრა, ძვალი მომაქლიბა ბორმაშინკით, მერე ესეც არ მაკმარა და ბოლოს დაჟე ნაკერები დამადოო“

კითხვაზე ეს ყველა პროცედურა მტკივნეული იყო თუ არა, მან უპასუხა რომ „ რა მტკივნეული, ტკივილით კი არ მატკინა მაგრამ გამჭრა, დამქლიბა და დაჟე გამკერა, გესმის შენა“

ეს ისტორია ძალიან სასაცილოა,  სატირალი რომ არ იყოს. მთელი ეს შესავალი გაკეთებული იყო იმისთვის რომ ძირითად თემაზე გადავიდეთ აი ეს „დაჟე გამკერა“ ძალიან მომწონს, ყველა იმ კოლეგის საყურადღებოდ ვინც ამ ბოლო პერიოდში ქირურგი სტომატოლოგის სერთიფიკატი აიღო, სერთიფიკატი ჩავდოთ ჩარჩოში და კედელზე ჩამოვკიდოთ, თქვენი სამუშაო მაგიდის უჯრაში კი ქირურგიული საკერავი ძაფები ჩავდოთ, იარაღებს კი კარგი ნემსდამჭერი და ასევე კარგი მაკრატელი მივუმატოთ.  მე მესმის ჩვენი პაციენტები არაადეკვატურად აღიქვამენ როდესაც „კბილის ექიმი“ რაღაცის გაკერვას აპირებს მათ პირის ღრუში, მაგრამ როდესაც  ექიმ-სტოამტოლგ-ქირურგთა უმეტესობა მზად იქნება ამ მანიპულაციის  ჩატარებისთვის, პაციენტიც ადეკვატურად მოიქცევა.

პაციენტების შიში ნაკერების დადებისადმი გამოწვეულია მითოლოგიური ჭორებით. რომ ოპერაციაში გაკერვა ყველაზე მტკივნეული პროცედურაა. მეც მქონია შემთხვევა ძვალზე გარკვეული სერიოზული ოპერაციის შემდეგ როცა კერვაზე გადავდიოდით პაციენტები შიშდებოდნენ, უი უნდა გამკეროო. თითქოს იმავ წამს საკმაოდ სერიოზული მანიპულაცია არ დაგვემთავრებინოს.

ეს მითი კი არის შედეგი იმ ალბათ ძუნწი და უგულო ექიმების მოქმედებებისა რომლებიც ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციების დამთავრებისას, როცა გაუტკივარების ეფექტი უკვე გადის, იმის მაგივრად რომ პაციენტს ანეთეზია დაუმატონ ეუბნებიან (მეც მომისმენია სტუდენტობაში) ეხლა გინდა შპრიცის ნემსი მიჩხვლეტია და გინდა ეს საკერავი ნემსი, ჩხვლეტა ჩხვლეტაა ცოტა მოითმინეო, ასე რომ ეს თითქოს და უბრალო მანიპულაცია პაციენტების მეხსიერებაში ტკივილს უკავშირდება.

შემდეგ სტატიაში გადავალთ უშუალოდ ნაკერების დადების ხელოვნების განხილვაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: