ალერგია სტომატოლოგიაში 13. მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკა


მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკისას ძირითადად უნდა დადგინდეს კლინიკური სიმპტომებისა და სინდრომების ( შეშუპება, სტომატიტი, ქეილიტი, დერმატიტი და ა.შ. ) კავშირი მედიკამენტის მიღებასთან, განისაზღვროს რეაქციის წარმოშობის იმუნოლოგიური მექანიზმი და მოხდეს მედიკამენტის იდენტიფიკაცია. ამ საკითხების გადაწყვეტა ხელს უწყობს როგორც ეფექტურ მკურნალობას ასევე პროფილაქტიკას.

სამწუხაროდ, დიაგნოსტიკის მეთოდები არ არის სრულყოფილი, რაც არ გვაძლევს სრულად 100%-ის ფარგლებში დადებით ან უარყოფით შედეგებზე დაყრდნობის საშუალებას.

ანამნეზი

ძალიან ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ალერგოლოგიური ანამნეზის სრულყოფილი შეკრება. დეტალური გამოკითხვის და პაციენტის ცხოვრებიდან საეჭვო შემთხვევების ამოკრეფის შედეგად შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ ამა თუ იმ გართულებებზე, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიძლება.

აუცილებლად უნდა დაზუსტდეს სიმპტომების ხასიათი და მათი გამოვლენის დრო. არსებობს კლინიკური სიტუაციები, როდესაც უბრალო შემთხვევითობამ შესაძლებელია გაართულოს დიაგნოსტიკა და შეცდომაში შეგვიყვანოს. ერთ-ერთი ესეთი მაგალითია მედიკამენტზე გვიანი ხასიათის რეაქციების გამოვლენა. ძირითადი დაავადების მკურნალობისას შესაძლებელია რეაქცია გამოვლინდეს რამდენიმე კვირის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი, რომელმაც გამოიწვია ალერგიული რეაქცია შეიძლება დანიშნული იყო სხვა პრეპარატთან კომბინაციაში, რაც კიდევ უფრო რევს კვალს და აბნევს სიტუაციას. ბევრი პაციენტი არ თვლის მედიკამენტად იმ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს, რომლებსაც ყოველდღიურად ხმარობს, მაგ: თვალი წვეთებს, ცხვირის წვეთებს, კონტრაცეპტივებს და ა.შ.

აუცილებელია გამოვლენილი იქნას ფარული სენსიბილიზაცია.

პროფესიული კონტაქტი მედიკამენტებთან ( ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, ფარმაკოლოგიური ფაბრიკის თანამშრომლები )

მატონიზირებელ და ენერგეტიკულ სასმელებში, საკვებ საღებავებში, საკონდიტრო ნაწარმში დამატებული ზოგიერთი ნივთიერებები ( მაგ: ქინიდინი ). სულფანილამიდებს და საკვებ საღებავებს საერთო ანტიგენი აქვთ. ცხოველების საკვებში ხშირად არის დამატებული ანტიბიოტიკები.

ამა თუ იმ პრეპარატების გამოყენების ან დანიშვნის დროს აუცილებელია გამოვარკვიოთ შემდეგი:

  1. პაციენტის ან მისი ოჯახი წევრების ზოგადი ალერგიული მოვლენები ( სტომატოლოგთა საყურადღებოდ ხაზგასმით ზოგად ალერგიული მოვლენები და ასევე საყურადღებოა ოჯახის წევრები და ნათესავები. )
  2. წარსულში რომელიმე მსგავს პრეპარატთან დაკავშირებული ალერგიული გამოხატულება.
  3. პროფესიული კონტაქტი პრეპარატებთან.
  4. რა პრეპარატებს ღებულობს პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში. ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც პაციენტი ღებულობს უპრობლემოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გახდეს სენსიბილიზაციის მიზეზი.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ ზოგიერთი მედიკამენტი წარმოადგენს ჰისტამინის ლიბერატორს, მაგ: მორფინი, ქინინი, კოდეინი, ჰიდრალაზინი და ა.შ. იწვევენ რა ჰისტამინის გამონთავისუფლებას უჯრედიდან, ხელს უწყობენ ფსევდოალერგიული რეაქციების განვითარებას, რომელიც შეიძლება განუვითარდეს პაციენტს მედიკამენტის პირველად მიღბისას. ანუ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი ორგანიზმში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

ელიმინაციური სინჯი

დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს ყველა მედიკამენტთან, რომელსაც პაციენტი ღებულობდა ალერგიული რეაქციის განვითარებამდე, კონტაქტის შეწყვეტა. სიმპტომების გაქრობა შესაბამისად გვაჩვენებს, რომ ეჭვი ალერგიაზე მართებული იყო ( წინა სტატიებში დიფერენცირებაზე გვქონდა საუბარი, კლინიკური სიმპტომები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს ), ამის შემდეგ, თუ პაციენტი რამდენიმე მედიკამენტს იღებდა, რჩება დიფერენცირება პრეპარატებს შორის, უნდა გავარკვიოთ კერძოდ რომელ მედიკამენტზე განვითარდა ალერგიული რეაქცია.

ელიმინაციური სინჯების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რითი იკვებება პაციენტი, შეიცავს თუ არა ეს თუ ის პროდუქტი, ან მათი დამატებები ( საკვები საღებავები და ა.შ. ) ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჯვარედინი რეაქციების არსებობის შემთხვევები. უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს პროლანგირებული პრეპარატების მოქმედების ვადები.

ასეთ შემთხვევებში ელიმინაციური სინჯები ნათელს ვერ მოფენს სიტუაციას და დიაგნოსტიკისთვის გამოუდეგარია.

 

შესაძლო ალერგენით ჩატარებული კანის დიაგნოსტიკური სინჯები.

კლინიკურ პრაქტიკაში ამ მეთოდის გამოყენება  წარმატებით მიმდინარეობს.

ამ მეთოდს ატარებს ექიმი-ალერგოლოგი. ( საქართველოს კანონმდებლობით სხვა პროფილის ექიმის მიერ ამ მეთოდიკის გამოყენება ითვლება არასერთიფიცირებულ საქმიანობად და კანონით დასჯადია. )

ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების საშიშროების გამო, ჯერ ტარდება კანზედა წვეთოვანი სინჯები და ამის შემდეგ სკარიფიკაცია. კანქვეშა სინჯები ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა სინჯებმა უარყოფითი რეზულტატი მოგვცა და პრეპარატის დანიშვნა და გამოყენება სასიცოცხლო აუცილბლობას წარმოადგენს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კანქვეშა სინჯებისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდა 1979 წელს. ეს მეთოდი ერთ-ერთ სარისკო მეთოდად ითვლება.

მთავარია გვახსოვდეს რომ არც ერთი სინჯი და ტესტი, ასევე მათი პასუხები 100%-იან გარანტიას არ გვაძლევს, არ გამორიცხავს ალერგიული რეაქციის განვითარებას. მაგრამ იმის შესაძლებლობას გვაძლევს რომ შევაფასოთ რისკები.

 

 

ენისქვეშა ტესტი

სინჯის ჩატარების ეს მეთოდი ორგანიზმში ალერგენის ბუნებრივი გზით მოხვედრის იმიტაციას წარმოადგენს და ამიტომ პროვოკაციულ სინჯად ითვლება. ამ მეთოდის დროს შესაძლებელია ალერგენის მნიშვნელოვანი რეზორბცია, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება და  ასევე სწრაფად ხდება მისი კონიუგაცია ცილასთან, რა თქმა უნდა აქაც არსებობს შესაძლებლობა რომ განვითარდეს ალერგიული რეაქცია, შესაბამისად სინჯს ატარებს ექიმი-ალერგოლოგი და არა ექიმ- სტომატოლოგი. დადებითი რეზულტატი აღინიშნება და ვლინდება ლორწოვანის ადგილობრივი შეშუპებით, შესაძლებელია პაციენტს გაუჩნდეს გაგუდვის შეგრძნება ან გამოვლინდეს ჭინჭრის ციება და მისთვის დამახასიათებელი გამონაყარი.

ლაბორატორიული სინჯები

იმის გამო რომ სინჯების ჩატარების in vivo მეთოდს ახლავს მაღალი რისკები, მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ლაბორატორიული ტესტების დახვეწასა და სრულყოფის მიმართულებით. ნებისმიერი ლაბორატორიული მეთოდიკის გამოყენებისას გათვალსწინებული უნდა იყოს ალეგიული რეაქციის იმუნოლოგიურ მექანიზმთან ადეკვატურობის პრინციპი.

არსებობს ანტისხეულებს  და ალერგიის მედიატორების გამოვლენის მეთოდები, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მიზეზები ბევრია:

  1. შრატში მათი რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს მხოლოდ ალერგიული რეაქციის პიკზე, მედიკამენტთან კონტაქტის შეწყვეტისას მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება.
  2. ანტისხეულები შეიძლება გამვავლინოთ მხოლოდ ზოგიერთ მედიკამენტზე, რადგან ალერგიული რეაქცია ხშირად არა მედიკამენტზე არამედ მისი მეტაბოლიზმის პროდუქტზე ვითარდება.

ალერგიზირებული უჯრედების რეაქტიულობის განმსაზღვრელ ტესტებში შედის

  • ანტიგენზე ლიმფოციტების ტრანსფორმაცია
  • მაკროფაგების მიგრაციის ინჰიბაცია
  • ლეიკოპენიური და თრომბოციტოპენიური ტესტები
  • ბაზოფილების დეგრანულაცია

ამ მეთოდების დეტალურ განხილვას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან უნდა გვახსოვდეს რომ ამ ტესტების ჩატარება არ არის სტომატოლოგის საქმე. ეს ტესტირება სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ხდება.

ლაბორატორიულ გამოკვლევებს არ აქვთ დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა. მათი შედეგების და რეზულტატების შეჯამება უნდა მოხდეს ანამნეზთან, კლინიკურ სურათთან და კანის სინჯების რეზულტატებთან.

მედიკამენტური ალერგიის წინასწარ განსაზღვრა ძნელია, ამიტომ ნებისმიერი პრეპარატის დანიშვნა – გამოყენება  დასაბუთებული და აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა იყოს. საფუძველს მოკლებული პოლიპრაგმაზია იწვევს მხოლოდ სენსიბილიზაციას და შემდგომ ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს, შეიძლება ჩაგვაყენოს გამოუვალ მდგომარეობაში. ეს იმ ექიმების საყურადღებოდ, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა თუ არა, თავის დაზღვევის მიზნით პაციენტებს უნიშნავენ საკმაოდ დიდი რაოდენობით და ფართო სპექტრის პრეპარატებს.

რა დროს უნდა შევიკავოთ თავი პრეპარატის დანიშვნისგან ან მისი გამოყენებისგან?

  • ანამნეზში აღნიშნული გაურკვეველი წარმოშობის ალერგიული რეაქციების არსებობა;
  • კანის სინჯზე დადებითი რეზულტატი;
  • ნებისმიერი მედიკამენტური თერაპიის შედეგად გამოვლენილი უმნიშვნელო სიმპტომების გამოვლენა ( თუნდაც სისხლის ფორმულის ცვლილება ), რომლებიც შესაძლებელია შემდგომში მკვეთრად გამოხატულ მრისხანე გართულებების წინაპირობად იქცეს.

 

აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ორგანიზმის დესენსიბილიზაცია

გლუკოკორტიკოსტეროიდების და H1-რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება საკმაოდ უწყობს ხელს დესენსიბილიზაციის პროცესს.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს პროცესი მუდმივი არაა და დესენსიბილიზაცია უნდა ჩატარდეს უშუალოდ მედიკამენტის გამოყენების წინა პერიოდში და არა რამდენიმე კვირით და თვეებით ადრე.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დესენსიბილიზაცია არ ტარდება იმუნოკომპლექსური (III ტიპი) და ციტოტოქსიური (II ტიპი- იმუნოციტოპენია) რექაციების დროს.

და ბოლოს ორი რჩევა:

  1. ჩააყენეთ პაციენტი საქმის კურსში, რომ ეჭვი გაქვთ ალერგიაზე და საჭიროებს გამოკვლევას, მოგეხსენებათ ჩვენი თანამოქალაქეები საკმაოდ ზედაპირულად უყურებენ ამ საკითხებს, დაარწმუნეთ იგი გამოკვლევის აუცილებლობაში, თუ პაციენტი არა მოტივირებულია და არასერიოზულად უყურებს ამ საკითხს, შეგიძლიათ საერთოდ არ მიიღოთ, საქართველოში მომქმედი კანონმდებლობის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ უარი უთხრათ პაციენტს მიღებაზე, თუ თქვენი უარი არ გამოიწვევს მისი სიცოცხლისათვის საშის მოვლენებს და მიმდინარეობებს.
  2. აცალეთ პროფესიონალებს აკეთონ თავის საქმე, მხედველობაში მაქვს ის ფაქტი რომ ექიმმა-სტომატოლოგმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და ექიმმა-ალერგოლოგმა თავისი. ვერც ერთი სტომატოლოგი ვერ დამისახელებს ალერგოლოგს, რომელმაც პაციენტს კბილი დაუბჟინა, ან ამოუღო, ან პროთეზი გაუკეთა, თუმცა სტომატოლოგების სამწუხაროდ დიდი პროცენტი ცდილობს ჩაატაროს ალერგოლოგიური სინჯები, გააკეთოს დასკვნები და საერთოდ იმუშაოს სხვა ექიმების მაგივრად.

 

(გაგრძელება იქნება)

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: