პაროდონტის დაავადებები. ავტორი ექიმი პაროდონტოლოგი ქ.მესხი


 რა არის პაროდონტი და პაროდონტის დაავადებანი და რატომაა აუცილებელი მათი პროფილაქტიკა,დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა

Image

ჩვეულებრივ, სტომატოლოგიურ კლინიკას პაციენტები აკითხავენ კბილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო და თითქმის არ ფიქრობენ იმაზე, რომ კბილის გარემომცველი ქსოვილების ( ღრძილი, კბილბუდის ძვლოვანი ქსოვილი ) სიჯანსაღეზე დიდადაა დამოკიდებული არა მარტო კბილებისა და პირის ღრუს, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაც.

რა არის პაროდონტი?

ესაა ფუნდამენტი, ის საფუძველი, რაზეც „ეყრდნობა” ჩვენი კბილები და რაც არ უნდა ლამაზი და ძვირფასი ბჟენები, რესტავრაციები და ხელოვნური გვირგვინები გავიკეთოთ, ჯანმრთელი პაროდონტის გარეშე ისინი დიდხანს ვერ მოგვემსახურებიან.

პაროდონტი ესაა კბილის გარემომცველი ქსოვილების ერთობლიობა – ღრძილი, კბილის იოგოვანი აპარატი და კბილბუდე – ყბის ძვლოვანი ქსოვილი, რომელშიც კბილის ფესვია მოთავსებული. ყველა ეს ქსოვილი ერთიან სისტემას წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს: კბილების ფიქსაცია, ღეჭვითი ფუნქციის რეგულირება, კბილის ქსოვილების კვება , ბარიერი მიკრობებისა და სხვა დამაზიანებელი ფაქტორებისათვის.

რა არის პაროდონტის დაავადებანი?

არსებობს პაროდონტის მრავალრიცხოვანი დაავადებანი, რომელთა შორის უდიდესი ადგილი უკავია ანთებით დაავადებებს, რომლებიც მიკრობული ფაქტორებითაა გამოწვეული.

გინგივიტი – ესაა ღრძილების ანთება, პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების საწყისი ფორმა.

პაროდონტიტი – ესაა კბილის გარემომცველი ყველა ქსოვილის, კბილის „საყრდენი აპარატის”ანთება.

Image

ამ დაავადებათა მიზეზები მრავალრიცხოვანია, თუმცაღა მთავარი მიზეზი კბილების ბაქტერიული ნადებია. ბაქტერიული ტოქსინები იწვევს პაროდონტის ქსოვილებში ანთებითი პროცესების სტიმულირებას და პროგრესირებას. თუკი ამ ნადების ხარისხიანი და სისტემატური მოცილება არ ხდება კბილების გამოწმენდის დროს, მაშინ თანდათან ნადებისგან წარმოიქმნება კბილის ქვები, რომლებიც დროთა განმავლობაში მკვრივდება და ღრძილების ქვეშ „ჩაიზრდება”, წარმოიქმნება ღრძილის ჯიბეები, სადაც თავისუფლად მრავლდებიან მიკროორგანიზმები, რადგან ჯიბეები კბილის ჯაგრისისთვის მიუწვდომელია. თუკი დროულად არ იქნა ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებები და ქვები მოცილებული, იწყება კბილის „საყრდენი აპარატის”- ძვლოვანი და იოგოვანი ქსოვილების დაშლა – ატროფია, კბილები თანდათან მოირყევა და ამოვარდება კბილბუდიდან.

იშვიათია თუ არა პაროდონტის დაავადებანი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის 80%-ზე მეტს აღენიშნება პაროდონტის დაავადებანი.

თუკი არც ისე შორეულ წარსულში ითვლებოდა, რომ ღრძილების დაავადებანი მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში გვხვდებოდა, დღესდღეობით ამ დაავადებათა პიკი 30-45 წლის ასაკში გვხვდება , ხოლო პაროდონტის ანთებით დაავადებათა საწყისი სტადია- გინგივიტი სულ უფრო ხშირად გვხვდება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ჯანმრთელი ღრძილები?

-ჯანმრთელი ღრძილები ღია ვარდისფერია.

-ჯანმრთელი ღრძილი მჭიდროს ეკვრის კბილის ყელის მინანქარს.
-კბილების გამოწმენდის დროს არ არის სისხლდენა.
-პირის ღრუში არ არის უსიამოვნო სუნი და გემო.
-კბილების ზედაპირები სუფთაა ყოველგვარი მუქი თუ ღია ფერის ნადებებისგან.

Image

რომელი სიმპტომები მიუთითებენ პაროდონტის დაავადებათა არსებობას?

-სისხლდენა ღრძილებიდან კბილების გამოწმენდის დროს ან მის გარეშეც.

-ღრძილების ფერის, ფორმის ცვლილებანი ( შეშუპება, სიწითლე, მოლურჯო-ციანოზური ფერი, კბილის ყელთან მჭიდრო კავშირის დაკარგვა ).

-არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
-არასასიამოვნო გემო პირის ღრუში.

-ღრძილებში არასასიამოვნო წვის და ქავილის შეგრძნებანი.

Image

 ჯანმრთელი პაროდონტი           

-ინფექციის არარსებობა.

-სისხლდენის არარსებობა.

-უსიამოვნო სუნის და გემოს არარსებობა.

Image

გინგივიტი – ღრძილის ანთება

-ღრძილების შეშუპება და სიწითლე

-უსიამოვნო სუნი და ხანდახან უსიამოვნო გემო

-სისხლდენა დროდადრო გამოხეხვის დროს

-ტკივილის არარსებობა, იშვიათად უსიამოვნო შეგრძნებანი

Image

 

პაროდონტიტი

გამოხატული უსიამოვნო სუნი და გემო.

-უსიამოვნო შეგრძნებები და დისკომფორტი ღრძილების მიდამოში

-სისხლდენები გამოხეხვის დროს და ზოგჯერ საკვების მიღების  დროსაც

-ზოგჯერ ჩირქდენა ღრძილებიდან      

  -კბილების მორყევა

Image

 

საიდან დავიწყოთ?

თუკი თქვენ შეამჩნიეთ ზემოთჩამოთვლილ სიმტომებიდან თუნდაც ერთ-ერთი, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს.

Image

 

სამწუხაროდ, არსებობს გავრცელებული აზრი, თითქოს ღრძილების დაავადებათა მკურნალობა უაზრობაა, უშედეგოა და კბილის ქვების მოშორება არ შეიძლება, რადგან ამის შემდეგ კბილები მოირყევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომაა. ნებისმიერი დაავადება მოითხოვს ყურადღებას და დროულ მკურნალობას და რაც უფრო ადრეულ სტადიაზე ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა, მით მეტია შანსები დაავადების სრული განკურნებისა.

Image

 

პაროდონტის ნებისმიერი დაავადების მკურნალობა იწყება პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენიდან, რაც გულისხმობს კბილების რბილი და მაგარი ნადებების მოცილებას და ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების ( კბილის ჯაგრისი, პასტა, სავლებები და სხვა ) შერჩევასა და პირის ღრუს სწორი მოვლის რეკომენდაციებს. ზოგიერთ შემთხვევაში, საწყის სტადიებზე, მაგალითად გინგივიტის დროს ეს ღონისძიებანი საკმარისია სრული განკურნებისათვის.

თუმცაღა პაროდონტიტის დროს, მკურნალობა კომპლექსურია და რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტისათვის და მოიცავს როგორც კონსერვატიულ, ასევე ჩვენებების შემთხვევაში ქირურგიულ, ორთოპედიულ და ორთოდონტიულ მკურნალობას. სამწუხაროდ, პაროდონტიტის სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ მკურნალობის შედეგად იგი გადადის რემისიის ( სტაბილიზაციის ) ფაზაში, რა დროსაც დაავადება აღარ პროგრესირებს და პაციენტს ჩივილები არ აღენიშნება და თუკი პაციენტი იცავს ექიმის რეკომენდაციებს, პირის ღრუს ჰიგიენისა და შემნარჩუნებელი თერაპიული სამკურნალო კურსების შდეგად, შესაძლებელია რემისიის ფაზის წლობით გახანგრძლივება.

და ბოლოს, ნუ დაელოდებით რაიმე სიმპტომების გაჩენას, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების და მათ შორის პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკა ბევრად ეფექტურია და ფინანსური დანახარჯების მხრივ იაფი, ვიდრე დაავადების მკურნალობა, ამიტომ წელიწადში ერთხელ ექიმ-პაროდონტოლოგთან ვიზიტი და მისი რეკომენდაციები საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ ბევრი პრობლემა.

კარდიოლოგია და სტომატოლოგია


კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ანამნეზის შეკრებისას ხშირად ვხვდებით პაციენტებს კარდიოლოგიური დაავადებებით, ზოგი სტომატოლოგი ამ საკითხს დიდ ყურადღებას არც აქცევს. ამ კატეგორიის „ექიმებზე“ წინა სტატიებში ჩემი აზრი უკვე მოგახსენეთ და თავს არ შეგაწყენთ. საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება რა, რომ პაციენტს აღენიშნება კარდიოლოგიური პრობლემები,  სტომატოლოგი ითხოვს (პროტოკოლის მიხედვით)  ჩატარდეს კარდიოლოგთან კონსულტაცია და გაიცეს  წერილობითი დასკვანა, რომ სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს გამოყენებული პრეპარატები და თვით მანიპულაციები არ გამოიწვევენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. და აქ იწყება…………..

„რად მინდა ექიმო კარდიოლოგი, პირობას გაძლევ არაფერი არ მომივა!“

„გუშინ ვიყავი, მნახა, კაჟივით ხარო მითხრა!“

„ტელეფონზე დაგალაპარაკებ, არ წამიყვანო ახლა იქ!“

„აუ თუ გეშინია ხელწერილს დაგიწერ!“

„აუ თუ გეზარება ეგრე თქვი!“

„თავს იზღვევ?!“

„აუ ეს გონზე არაა,  გულს ხომ არ მიღებ კბილის ამოღება მინდა!“

„მიდიმიდი შეუბერე,  თუ რამე მომივა,  მე მომივა შენ ხომ არა!“ და ა.შ….

შემიძლია გავაგრძელო ეს უაღრესად ინტელექტუელურად დატვირთული ფრაზები.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ზოგიერთი კარდიოლოგი უარს აცხადებს წერილობითი დასკვნის გაცემაზე,  მას შემდეგაც კი, რაც მას სტომატოლოგიურმა კლინიკამ ოფიციალურად მიმართა.

უარის არგუმენტი დაახლოებით ასე ჟღერს – „მაგას კბილის ამოღების ეშინია და მე რატომ დავწერო დასკვნაო?“ როგორც  ვხედავთ, მომქმედი კანონმდებლობის უცოდინართა რიგებში  სტომატოლოგები მარტონი არ არიან.

ეხლა კი საქმეზე გადავიდეთ!

ზოგიერთ სტომატოლოგიურ პროცედურას, რომელსაც ახლავს ლორწოვანის მთლიანობის დარღვევა, შეიძლება მოყვეს ტრანზიტორული ბაქტერიემია.  ნებისმიერი მანიპულაცია,  იქნება ეს ზონდირება, სინდესმოტომია, კბილის ექსტრაქცია, ნადების მოშორება, კიურეტაჟი, ენდოდონტიური მკურნალობა  თუ სხვა, რომლსაც  ახლავს სისხლდენა, შეიძლება იყოს ტრანზიტორული ბაქტერიემიის გამომწვევი,  რაც შესაძლებელია გახდეს ენდოკარდიტის მიზეზი.  

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტების მკურნალობისას აუცილებლია თანამშრომლობა მის კარდიოლოგთან. პაციენტის სამედიცინო ბარათში უნდა იყოს მოთავსებული კარდიოლოგის წერილობითი დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აუცილებელია, რომ დასკვნა იყოს ახალი და დროთა განმავლობაში ხდებოდეს მისი განახლება. მოგეხსენებათ, როგორ არ უყვართ ჩვენს პაციენტებს პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, სულ ერთია სტომატოლოგთან იქნება ეს თუ კარდიოლოგთან!  ესეთი პაციენტები ხშირად უარს აცხადებენ ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარებაზე. ექიმი სტომატოლოგი უნდა იყოს კატეგორიულად მომთხოვნი რათა ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის და მანიპულაციის ჩატარების წინ პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია კარდიოლოგთან.

ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა რეკომედირებულია, ნებისმიერი ბანალური სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარებისას, რომლებსაც შეიძლება მოყვეს ღრძილიდან სისხლდენა, თუ კი პაციენტი, კარდიოლოგის განსაზღვრით,  ეკუთვნის რისკის მაღალ ან საშუალო ჯგუფს. უნდა გვახსოვდეს რომ ალფა ჰემოლიტიური სტრეპტოკოკი,  ეს ის მიკროორგნიზმია,  რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ენდოკარდიტს.

გარდა ამისა სტომატოლგიურ პრაქტიკაში გამოყენებული ანესთეტიკების უმეტესობა შეიცავს ეპინეფრინს სხვადასხვა კონცენტრაციით, რამაც ასევე შესაძლებელია გარკვეული  პრობლემები შეუქმნას ამ ჯგუფის პაციენტებს.

გამორიცხული არ არის ინექციის დროს სისხლძარღში პრეპარატის მცირე დოზების მოხვედრა, ჯანმრთელი პაციენტისთვის ეს შეიძლება უმნიშვნელო ტაქიკარდიით და ტრემორით გამოვლინდეს, ხოლო კარდიოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტისთვის კი სავალალო აღმოჩნდეს.

ექიმი კარდიოლოგის კონსულტაცია – აუცილებელია!

კარდიოლოგის დასკვნა წერილობითი ფორმით შენახული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო სტომატოლოგიურ ბარათში!

დიაბეტი და სტომატოლოგია


დიაბეტი და სტომატოლოგია.

დიაბეტი და სტომატოლოგია


კოლეგები დამეთანხმებიან,  რომ სტომატოლოგები ანამნეზის შეკრების მოყვარულთა კლუბის წევრები ნამდვილად არ არიან. თუმცა მოგეხსენებათ დაზიანებული კბილის გარდა ექიმ სტომატოლოგს თავისი პაციენტის შესახებ კიდევ რაღაც ინფორმაცია უნდა აინტერესებდეს. კერძოდ საუბარია დიაბეტზე.

როდესაც პაციენტი აცხადებს,  რომ მას დიაბეტი აქვს, ამ მომენტში მომწონს სტომატოლოგის სახის გამომეტყველების ცქერა, რეაქციები შეიძლება დავყოთ ჯგუფებად:

  1. ანალიზი! რით შეიძლება შეგვიშალოს ხელი პაციენტის მდგომარეობამ?  რომელი ანესთეტიკი უნდა შევარჩიო?  რა შეიძლება მოუვიდეს პაციენტს ვიზიტის დროს?  რომელი ტიპის დიაბეტი აქვს? რომელ მედიკამენტებს იყენებს? როდის უწევს საკვების მიღება? და ა.შ.
  2. დიაბეტი?! რაღაც მახსოვს?! რა იყო?! რას ამბობდა ჩემი ლექტორი?! თუ სახელმძღვანელოში წავიკითხე?! არა. არა. ლექციაზე მოვისმინე. მაგრამ კარგად არ მახსოვს. მოდი გადავამოწმებ. ვინმეს ვკითხავ!
  3. მერე რა,  დიაბეტმა ხელი რატომ უნდა შემიშალოს, არ არის პრობლემა დაბრძანდით , პირი გამიღეთ და რომელი კბილი გაწუხებთ თითით მიჩვენეთ!

პირველ ჯგუფში მყოფი ექიმები ყოველივე ამას ფიქრობენ,  აანალიზებენ და შემდეგ მოქმედებენ პროტოკოლის მიხედვით. იმსახურებენ ქებას!

მეორე ჯგუფში მყოფნი ფიქრობენ, თავს იკავებენ აქტიური მოქმედებებისგან, სანამ უფრო გამოცდილ კოლეგას არ კითხავენ რჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობენ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა,  რომ თავის დროზე არ ისწავლეს ან ცუდად ისწავლეს, ამ შემთხვევის შემდეგ ყოველთვის ეხსომებათ თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ქებას იმსახურებენ სიფრთხილის გამოჩენის გამო!

მესამე ჯგუფი, როგორც მიხვდით არ ფიქრობს, რაც დაიწერა –  ეს ყველაფერი ხმამაღლა ითქვა და თანაც ჩქარობს დაზიანებული კბილი ნახოს და „პაციენტს ტანჯვა შეუმსუბუქოს“

რა უნდა ვიცოდეთ?!

diabetes mellitus მდგომარეობს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევაში და ახასიათებს ინსულინის მეტაბოლიზმის მოშლა ან პროდუცირების დაქვეითება.  იყოფა ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს განეკუთვნება დაავადება, რომელიც თანდართულია დესტრუქციის შედეგად განვითარებული ინსულინის ნაკლოვანებით.. ასეთ პაციენტებს მეტაბოლიზმის კომპესაციის მიზნით დანიშნული აქვთ ინსულინის შემცვლელი პრეპარატები, დაავადება ხშირად იწყება ახალგაზრდა ასაკში და უფრო იშვიათად გვხვდება ვიდრე მეორე ტიპის დიაბეტი, რომლის დროსაც ინსულინის უტილიზაციის ნაკლოვანება, ამ ჰორმონის წარმოების დეფიციტით ან დეფიციტის გარეშეც მიმდინარეობს. მისი მკურნალობა ჰიპოგლიკემიური პერორალური პრეპარატების ან იგივე ინსულინის საშუალებით ხდება.  დეკომპესირებული შაქრიანი დიაბეტის კლასიკური სიმპტომებია:  წყურვილი,  შიმშილის გრძნობა,  უნებლიე შარდვა, შარდში გლუკოზის არსებობა. უფრო მოგვიანებით კი გულის, თავის ტვინის ან პერიფერიული  სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, რეტინოპათია, რომელმაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს, ნეფროპათია,  პერიფერიული ნეიროპათია და პაროდონტიტი.

ჰიპერგლიკემიამ შეიძლება გამიწვიოს იმუნური რეაქციების დათრგუნვა, რაც  თავის მხრივ იწვევს ჭრილობების შეხორცების გართულებას და ზრდის ინფიცირების რისკს.

დიაბეტის ლატენტური ფორმის მატარებლებს და ასევე შაქრიანი დიაბეტის დეკომპესირებული ფორმით დაავადებულთ მიდრეკილება აქვთ ისეთი დავადებებისკენ როგორებიცა: გინგივიტი და პაროდონტიტი. პრინციპში ეს დაავადებები სწორედ დიაბეტის ხელშეწყობით ვითარდება, რამეთუ დიაბეტის დროს აღინიშნება კოლაგენის სინთეზის დათრგუნვა და კოლაგენაზას აქტივობა. ასევე აღსანიშნავია ზოგიერთ შემთხვევებში ნეიტროფილების ფუნქციის დარღვევეა. დიაბეტის ფონზე განვითარებული მეორადი ჰიპერთირეოზი პაროდონტიტის ფონზე შეიძლება გახდეს ალვეოლური მორჩის ძვლოვანი სტრუქტურის განლევის მიზეზი.

დიაბეტით დაავადებულთა სტომატოლოგიური მკურნალობა დიდი სიფრთხილით უნდა მიმდინარეობდეს.

სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

პაციენტისთვის უნდა შეირჩეს ვიზიტის დრო, მისი დიეტის გრაფიკის გათვალისწინებით. პაციენტი უნდა იქნეს გაფრთხილებული, რომ ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა ატარებდეს რეგულარულ პროფილაქტიკურ ხასიათს.

მკურნალობა უნდა ტარდებოდეს მშვიდ გარემოში, ყოველგვარი აღელვების და სიტუაციის დაძაბვის გარეშე.

უნდა გვახსოვდეს რომ ადრენალინის მცირე დოზებიც კი შეიძლება გახდეს ჰიპერგლიკემიის მიზეზი.

ანტიბიოტიკების დანიშვნა მხოლოდ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, არავითარი პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოტერაპია.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჰიპერგლიკემიის ან ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროების შესახებ.