ვიზიტი სტომატოლოგთან (ნიუანსები) № 3


სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ მომწიფებულა იმ დონეზე, რომ ექიმთან ვიზიტმა პროფილაქტიკურ-გეგმიური ფორმა მიიღოს. პაციენტების დიდი პროცენტი მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილის მოთმენის შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ექიმს უნდა მიაკითხოს. სიტუაციის ურგენტულობა აბნევს ექიმ-სტომატოლოგთა უმრავლესობას და განკუთვნილი ოპერატიული პროტკოლის ნაცვლად არამართებულ ქმედებებს აწარმოებენ. ამ დროს ექიმების მხრიდან ხშირად ისმის სწორედ ამ არამართებული ქმედებების გამამართლებელი არგუმენტები. მაგალითად: უახლოეს წარსულში სტომატოლოგიური საზოგადოების მცირე ნაწილი შეკრებილი იყო სტომატოლოგიური პაციენტის ბარათის ფორმის და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესების განხილვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ შეხვედრაზე გაისმა ფრაზები: „ პაციენტი რომელიც პულპიტური ტკივილითაა შემოსული ვერ დაელოდება სამედიცინო დოკუმენტის შევსებას და მასზე მონაცემების შეკრებას, მე როგორც ექიმი ვერ ვალოდინებ, სად ვეძიო ეხლა სამედიცინო ბარათში მოწოდებული კითხვების პასუხები და მათ შევსებაზე დროს ვერ დავკარგავ!“ ეს განცხადებები საკმაო კატეგორიული ტონით იყო წარმოთქმული და აღსანიშნავია რომ საკმაოდ სტაჟიანი ექიმების მიერ.

წარმოვიდგინოთ კლინიკა, პაციენტი მწვავე მუცლით ან ცეცხლნასროლი ჭრილობით, სტომატოლოგებს ალბათ ცოტა გაუჭირდებათ ამის წარმოდგენა, მაგრამ მაინც ვეცადოთ. რა ვქნათ არ დაველოდოთ იმ ელემენტარული გამოკვლევის მეთოდებს რომლებიც ოპერაციის წარმართვისთვისაა საჭირო? არ შეიკრიბოს ანამნეზი შეძლებისდაგვარად? არ განისაზღვროს სისხლის ჯგუფი? პირდაპირ ვეძგეროთ პაციენტს?! არ ჩატარდეს დიფერენციული დიაგნოზი მწვავე მუცელია თუ არა? იქნებ ვცდებით? არ დავადგინოთ ცეცხლანსროლი ჭრილობა სად არის და არ განვსაზღვროთ თორაკალური ქირურგი იქნება საჭირო ოპერაციის მსვლელობის დროს, სისხლძარღვთა ქირურგი თუ ყბა-სახის ქირურგი? (ოპონენტების საყურდღებოდ – ოღონდ ოპერაციის დაწყებას ნუ აურევთ სასწრაფო ექიმამდელ  და ასევე სასწრაფო საექიმო დახმარებასთან, ეს სხვა თემაა)

მოდით განვიხილოთ თუ როგორი უნდა იყოს ვიზიტის მიმდინარეობა, რათა არ მოხდეს არა სწორი დიაგნოსტირება და არამართებული მკურნალობა. ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი არ უნდა იყოს ოპერატიული. სწორედ  ის ექიმები, რომლებიც დიდი კატეგორიულობით გამოირჩევიან, ვერ დაიკვეხნიან ოპერატულობით და სამწუხაროდ გულის წასვლას და კოლაფსს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ!

ANAMNESIS MORBI და ANAMNESIS VITAE

დაავადების განვითარების ისტორია, რომელიც შედგება პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის, ან სულაც თანმხლები პირის გამოკითხვის შედეგად ( ყბა-სახის ქირურგიაში შეიძლება თვითმხილველიც დაემატოს გამოკითხულთა სიას, გააჩნია კლინიკურ შემთხვევას). სტომატოლოგთა შემთხვევაში კი ცოტა უფრო ადვილია ანამნეზის შეკრება, თუ რა თქმა უნდა ექიმს არ დაავიწყდა, რომ ეს აუცილებელია (რაც ხშირად ხდება).

  1. 1.   პაციენტი შემოვიდა კაბინეტში, ვიზუალური კონტროლი – სქესი, სხეულის კონფიგურაცია (ანუ კონსტიტუციურად რომელ ჯგუფს ეკუთვნის), კიდურების არსებობა (აღინიშნება თუ არა კიდურების ორთოპედიული პროთეზირება), გადადგილების თავისებურება (უჭირს თუ არა გადაადგილება), ჩაცმულობა (რა აცვია).
  2. 2.   კონტაქტი ლინგვისტურ დონეზე (განისაზღვრება პაციენტის ლექსიკონის სიმდიდრე), რამდენად გამართულად მეტყველებს, ესმის თუ არა ის ენა, რომელზეც თქვენ აპირებთ მასთან კონტაქტს.
  3. 3.   ანამნეზის შეკრება ვიზიტის მიზეზობრივ დაავადებასთან დაკავშირებით.
  4. 4.   ანამნეზი პაციენტის ცხოვრებაში არსებული სხვა დაავადებების შესახებ.
  5. 5.   ობიექტური დათვალიერება: სახე, კანი, შეფერილობა, ლიმფური კვანძები, პირის ღრუ ( რბილი და მაგარი ქსოვილები)
  6. 6.   დამატებითი გამოკვლევები: დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკა, რადიოვიზიოგრაფია, ორთოპანტომოგრაფია, CT…………
  7. 7.   დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების, ობიექტური მოინაცემების და დამატებითი გამოკვლევების შეჯამების შედეგად დიაგნოზის დიფერენციაცია.
  8. 8.   მკურნალობის გეგმა

ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, ოპერატიულად და ამომწურავად. და არ გვინდა თავის მართლება, რომ ამის დრო არ არის და პაციენტს პულპიტური კბილი ტკივა.

განვიხილოთ ყოველი ნაბიჯი.

სქესი-მდედრობითი ან მამრობითი, განსხვავებული ფსიქოლოგიური სტატუსი, სხვადასხვაგვარი მიდგომა.

სხეულის კონფიგურაცია – ასთენიურია, ჰიპერსთენიული თუ ნორმოსთენიულია, ყოველ მათგანს აქვს თავისი სუსტი რგოლი ჯანმრთელობის მხრივ,  ჭარბი წონა –  ნივთირებათა ცვლის მოშლა? და ა.შ.

კიდურების არსებობა – პაციენტს არა აქვს დავუშვათ ქვედა კიდური,  რატომ არა აქვს.  რა მოხდა?! უბედური შემთხვევაა, თუ დიაბეტის ფონზე განვითარებული განგრენის გამო დაკარგა ფეხი, მაქსიმალური ყურადღება და კონტროლი!

გადაადგილების შეზღუდვა – რატომ უჭირს პაციენტს მოძრაობა, ახლახანს გადატანილი ინსულტის შედეგია თუ ენდოპროთეზირების ოპერაციის შმედგომი რეაბილიტაციის პერიოდია. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი.

ჩაცმულობა – რა აცვია? მოგეხსენებათ სტომატოლოგიურ კლინიკებში პაციენტის ცუდად გახდომა არავის უკვირს, პირველადი დახმარების გაწევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის უხვი ჩაცმულობა ( პალტო, ქურქი, ლაბადა. მოჭერილი ტანსაცმელი და ა.შ.)  ყოველივე ეს ხელს უშლის პირველადი დახმარების ოპერატიულად ჩატარებას და ტანსაცმელთან „ბრძოლას“ მიაქვს ძვირფასი წუთები.

კონტაქტი ლინგვისტურ დონეზე – დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტს გააჩნია თუ არა მდიდარი ლექსიკა. ძირითადად მწირი ლექსიკის პაციენტთან ექიმს შემხვედრი კითხვებით უწევს საჭირო ინფორმაციის მოპოვება (მთავარია თვით ექიმი არ იყოს მწირი ლექსიკონის მფლობელი), შესაძლებელია პაციენტი იყოს მჭერმეტყველი და ერთდროულად ბევრ და არასაჭირო ინფორმაციას აწვდიდეს ექიმს,  უნდა შეგვეძლოს საჭირო მიმართულება მივცეთ საუბარს. უფრო გასაგები რომ იყოს მაგალითს მოვიყვან:

ექიმი: რა გაწუხებთ?

პაციენტი: კბილი.

 (მოკლე და კონკრეტული პასუხი!  მადლობა თქვით თუ ამ პასუხს ირონიული ღიმილი არ მოყვება, ძირითადად ვერ წარმოუდგენიათ რომ პაციენტი შეიძლება სტომატოლოგთან სხვა მიზეზით იყოს მოსული: ენა, ღრძილები, საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი და კიდევ უამრავი რამ)

ექიმი: როგორ გტკივათ?

პაციენტი:   მტკივა რა!        ან            ძალიან მტკივა!       ან      აუტანელად მტკივა!

აი აქ ექიმი იძულებულია ჩაეძიოს და აუხსნას პაციენტს რომ ტკივილი არის:

  1. 1.   მწვავე და ყრუ
  2. 2.   მუდმივი და შეტევითი
  3. 3.   ლოკალური და განფენილი (გადაცემითი და რეგიონული)
  4. 4.   თვითნებითი და მიზეზობრივი

ტკივილის ხასიათის დადგენა გვაძლევს მიმართულებას სწორი დიაგნოზირებისათვი: პულპიტი, მწვავე პერიოდონტიტი, ჩირქოვანი პერიოსტიტი, აბსცესები და ფლეგმონები, ოდონტოგენური ჰაიმორიტი, ნევრიტები და ნევრალგიები,  კიდევ რამდენი ნოზოლოგია და დიაგნოზი შეიძლება ჩამოითვალოს, რომლის აღმოჩენაშიც გვეხმარება ტკივლის ხასითის განსაზღვრა.

ამ ყველაფერს კი პაციენტთა უმეტესობა ვერ მოგიყვებათ თუ შესაბამისი კითხვებით არ მოახდენთ ინფორმაციის შეგროვებას.

გარდა ამისა ესმის თუა რა პაციენტს ენა რომელზეც თქვენ ელაპარაკებით. გასაგებია,  რომ დღეს ბევრი ჩვენი კოლეგა 3-4 ენაზე მეტყველებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მათ გამოადგეთ ინგლისური და გერმანული ზოგიერთ მაცხოვრებელთან, შესაბამისად გჭირდებათ მთარგმნელი და ყურადღება მიაქციეთ და დარწმუნდით რომ ეგრეთწოდებული მთარგმნელი კარგად ფლობს ენას.

გამოკითხვისას უნდა მიექცეს ყურადღება დაავადების დასაწყისის პირობით ვადებს, პირობითს იმიტომ რომ პაციენტს ძირითადად უჭირს ზუსტი მონაცემების მოწოდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა. გამომდინარე ვადებიდან შესაბამისად კეთდება დასკვნა, როგორი სიჩქარით მიმდინარეობს დაავადება, ჰიპერერგიული , ნორმერგიული თუ ჰიპოერგიულია მიმდინარეობა.

ასევე უნდა შეიკრიბოს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი მონაცემები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა, პარენქიმული ორგანოების ფუნქციები, ენდოკრინული დარღვევები, ფსიქო-ემოციური ფაქტორები, სიმსივნური და სისტემური დაავადებები. ყოველივე ის რაც მნიშვნელოვანია და შეიძლება ხელი შეგვიშალოს მკურნალობის გეგმის განხორციელებაში.

ობიექტური მონაცემების შეკრებისას ვათვალერებთ სახეს, მის სიმეტრიულობას, რბილი ქსოვილების მდგომარეობას ( შეშუპება, შესივება, ექსკორიაციები, ჰემატომის კვალი….) ზოგიერთ სტომატოლოგს გაეცინება რად გვინდა ამდენი რამო, პაციენტს კბილი ტკივა და ჩვენ ამდენი ვათვალიეროთო?!  პასუხი მხოლოდ ერთია  – პაციენტს კბილი ჯიბეში არ უდევს, იგი ორგანიზმის ნაწილია და თქვენ ამ ორგანიზმთან აპირებთ მუშაობის დაწყებას, ასე რომ კეთილი ინებეთ და შეისწავლეთ იგი!

რეგიონული ლიმფური კვანძები – სამწუხაროდ თემა რომელიც ჩვენს კოლეგებს ყურადღების მიღმა რჩებათ.

ზომაში მომატება, მტკივნეულობა, მოძრაობის შეზღუდვა- ეჭვი ანთებაზე;

სიმკვირვე, უძრაობა, მჭიდრო კავშირი ირგვლივ ქსოვილებთან – ეჭვი სიმსივნურ წარმონაქმნზე;

სიმკვრივე, უმტკივნეულობა, პაკეტებად შეკრული – სისხლის დაავადებები;

მკვრივ-ელასტიური კონსისტენცია, ზომაში მომატება, მცირე მტკივნეულობა, ცივი აბსცესები, პაკეტებად შეკრული – ეჭვი ტუბერკულიოზზე;

ზომაში მომატება, სიმკვრივე, უმტკივნეულო – ეჭვი სიფილისზე;

ოსტეომიელიტი,პერიოსტიტი, აბსცესები და ფლეგმონები, შიდსი , აქტიონომიკოზი და ა.შ. და ა.შ.

ასე რომ ლიმფურ კვანძებს პატივი ვცეთ და უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ.

დამატებითი გამოკვლევები – კერძოდ რენტგენო დიაგნოსტიკა. ყველაფერი უბრალო დენტლური რენტგენით დაიწყო და დღეს უკვე CTმდე მივედით, მაგრამ თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ რენტგენოკონტრასტულობის სქემა:

ემალი-დენტინი-ცემენტი-ძვალი-პულპა-პერიოდონტი-სინუსები

ასეთი მიმართულებით კლებულობს რენტგენოკონტრასტულობა!

და დადგა ჭეშმარიტების მომენტი – შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი, დიფერენცირება და დიაგნოზის დასმა. მკურნალობის გეგმის შედგენა!

მართებულად შედგენილი მკურნალობის გეგმა წარმატების საწინდარია.

სამედიცინო ბარათში ჩაწერილი ყოველი სიტყვა ყოველთვის შეიძლება გადაიქცეს სასამართლო გარჩევების დოკუმენტად, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციაში მოდავე მხარეების მიერ მოყვანილი არგუმენტების მტკიცებულებად ან უარყოფის საშუალებად წარმოგვიდგება.

ვიზიტი სტომატოლოგთან (ნიუანსები) № 2


საბჭოთა პერიოდში მახსოვს ერთ-ერთ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში ესეთ სცენას წავაწყდი, ქირურგის კაბინეტთან დიდი რიგი იდგა, ყველას შეწუხებული, ღამენათევი სახეები ქონდათ. მოგეხსენებათ გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგთან, არც მაშინ და არც ეხლა ჩვენი მოსახლეობისთვის დამახასიათებელი არ არის.

ტექსტი თითქმის ყოველთვის ესეთია:

 – ექიმო 2 კვირაა არ მძინავს

– კითხვა: აქამდე სად იყავით? 

-პასუხი: ადრე არ მტკიოდა.

დათვალიერების ობიექტურ მონაცემებს თუ ვენდობით, აღნიშნულ პაციენტს ეს კბილი, რომელმაც 2 კვირა გაათენებინა, მინიმუმ ბოლო 5 წელია დაავადებული აქვს.

 მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს რიგს. კაბინეტის კარები გაღო და ექთანმა გარეთ 5 პაციენტი გამოუშვა სიტყვებით „ დაგიძახებთ“, და ამის შემდეგ კიდევ 5 პაციენტი მიიპატიჟა კაბინეტში. ძალიან დავინტერესდი მუშაობის ამ სტილით, განსაკუთრებით იმ მომენტში ,  როდესაც გარეთ გამოშვებული 5 პაციენტიდან ერთ-ერთი,  შუა ხნის ქალბატონი,  შეუძლოდ შეიქმნა და იქვე იატაკზე მიიღო იძულებითად ჰორიზონტალური მდგომარეობა.  აურზაურში მაინც მოვახერხე დამედგინა,  რომ უბრალო გულის წასვლასთან გვქონდა საქმე,  ქირურგი არ გამოსულა, თუმცა მისმა ექთანმა,  რაღაც ცუდად გარეცხილი ყავის ჭიქით გაუგებარი წვეთები გამოარბენინა, პაციენტს „ახუხა“ და ჯერ კიდევ გონზე ძლივს მოსულ  ქალბატონს ვალიდოლის უზარმაზარი ტაბლეტი ჩათხარა პირში, ამის შემდეგ,  როგორც უცაბედად გამოჩნდა,  ისევე სწრაფად გაუჩინარდა ქირურგის კაბინეტის კარებს მიღმა.  მიუხედავად ჩემი პროტესტისა,  რომ პაციენტს ასპირაციის და ასფიქსიის თავიდან აცილების მიზნით ვალიდოლის ტაბლეტი პირიდან გამოვუღოთ-მეთქი,  იქ შეკრებილმა საზოგადოებამ კინაღამ ჩამქოლა,  ეს მაგარი ექიმია და ექთანიც ძალიან მაგარი ყავს,  გაიწიე იქით შენ რა იციო.

პაციენტების კაბინეტში ასეთი რაოდენობით შეყვანა-გამოყვანა კი თურმე რა ყოფილა?!  ექიმს თავისი მეთოდი ქონდა ,  პირველ 5 კაცს გაუკეთებდა ანესთეზიას და გარეთ გამოუშვებდა, გაისეირნე სანამ გაგიბუჟდებაო,  ამის შემდეგ კიდევ -5 პაციენტი, ამათი გასეირნების დროს კი, კიდევ 5 კაცი.  შემდეგ პირველი ხუთეულის დრო დგებოდა, კბილები ცვიოდა ფანტასტიური სიჩქარით,  გამიკვირდა კიდეც ნეტა ხელის დაბანას თუ ასწრებს ან ხელთათმანის გამოცვლას მეთქი (აღმოჩნდა რომ ხელთათმანი საერთოდ არ ფიგურირებდა).  პაციენტები აღფრთოვანებულები იყვნენ  – რა სისწრაფით იღებს კბილებსო?!  

სამწუხაროდ ჩემი ვიზიტის მიზეზი სწორედ ეს სისწრაფე იყო, რამეთუ სიჩქარეზე გამოკიდებული ჩვენი კოლეგა ივიწყებდა სინდესმოტომიას და აქედან გამომდინარე პოსტექსტრაქციული ჭრილობების უმეტესობას აღენიშნებოდა ალვეოლის ძვლოვანი ნაწილის და ლორწოვანის ტრავმული დეფექტები,  რაც შემდგომში იწვევდა ჩემი და ჩემი კოლეგების დიდ გადატვირთვას ღამის მორიგეობაზე,  ამდენი სისხლდენა და ლორწოვანის პლასტიკა ცოტა მოსაბეზრებელი გახდა.  იმ პერიოდში დენტალური იმპლანტაცია კარგად ფეხმოკიდებული რომ   ყოფილიყო, ალბათ ესეთი ექსტრაქციების შემდეგ იმპლანტაციისთვის მისული პაციენტების რბილი და მაგარი ქსოვილების მდგომარეობა ქირურგი იმპლანტოლოგების რისხვას გამოიწვევდა, თუმცა ჩემმა ვიზიტმა უშედეგოდ ჩაიარა. რა აზრი ქონდა ლაპარაკს კოლეგასთან,  რომელიც ანესთეზიის გაკეთების შემდეგ,  იმის მაგივრად რომ პაციენტი სავარძელში ყოლოდა მეთვალყურეობის ქვეშ,  გარეთ უშვებდა სასეირნოდ.

ამ ისტორიაში საინტერესო ის არის რომ პაციენტები კმაყოფილები იყვნენ.

საბჭოთა დროის ჩემი ეს თავგადასავალი კარგად დამამახსოვრდა,  ჩემი ვიზიტი თვითნებური არ იყო.  უფროსმა კოლეგამ დამავალა, გადადი დაელაპარაკე იმ ქალს აქ იმისთვის კი არ ვმორიგეობთ,  რომ მაგის ნაექსტრაქციები ვკეროთ მთელი ღამეო.  დავალება ვერ შევასრულე. ექიმმა ისევ თავის სტილში გააგრძელა მუშაობა, სამაგიეროდ ჩვენ ახალგაზრდა სპეციალისტებმა ისე ვივარჯიშეთ კერვაში და ლორწოვანის პლასტიკაში ,  რომ შემდგომ დიდად გამოგვადგა. ჩემი პედაგოგი და უფროსი კოლეგა მეხუმრებოდა –  მე კი არა მაგას უნდა უმადლოდე სწავლა- განათლებას და პროფესიულ ზრდასო.

 ეს ისტორია იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს როდესაც სტომატოლოგია კომერციულ რელსებზე დგას ( მოგეხსენებათ საბჭოთა პერიოდში ეს საქმე უფასო იყო), ზოგირეთ კლინიკაში იგივე მეთოდებით მუშაობენ და არც თუ ისე ასაკოვანი სტომატოლოგები,  ანუ სოვდეპიის გადმონაშთები ვერანაირად ვერ იქნებიან.

მაშ რაშია საქმე?

ალბათ განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე?!  უდაოდ!  და საუბარია არა მარტო ერთ მხარეზე, არამედ ორივეზე.

თუ როგორ უნდა ტარდებოდეს ვიზიტი სტომატოლოგთან ამაზე შემდეგ სტატიაში გავაგრძელებთ საუბარს .

სტომატოლოგიის განვითარება საქართველოში


სტომატოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა საქართველოში მხოლოდ 19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა საფრანგეთში უკვე 18 საუკუნეში შემოღებული იქნა კბილის ექიმის წოდება. პირველი სახელმძღვანელო შექმნა პიერ ფოშარმა, ხოლო პირველი სპეციალიზირებული ინსტრუმენტები კი ჯერ კიდევ მეტრ ამბრუაზ პარეს გამოგონებულია.

დავუბრუნდეთ საქართველოს – 19 საუკუნის დასაწყისში ქ. ქუთაისში მოღვაწეობდა ბერძენი კბილის ექიმი ვინმე კონსტანტინიდი, ქ.თბილისში კი იმ პერიოდში ძველი სემინარიის სარდაფში ვინმე შიო შრომობდა, რომელსაც შესასვლელზე ორიგინალური წარწერა ქონდა დამაგერებული „Бедный Шио, живу в подвале, зуби рву, сопоги шю“,  ხოლო ცენტრალურ ბაზართან მოღვაწეობდა ვინმე მაზმანიანი. ეჭვგარეშეა, რომ სპეციალიზირებული საექიმო განათლება მათ არ გააჩნდათ, მაგრამ ისტორიამ შემოგვინახა მათი სახელები, როგორც საქართველოში სტომატოლოგიის განვითარების პიონერები.

ამის შემდეგ კი უფრო დაიხვეწა სტომატოლოგიური მკურნალობა და მომსახურეობა, გამოჩნდნენ ნასწავლი და უცხოეთში განათლებამიღებული დანტისტები:

1846-1847 წწ დანტისტები ბეკმანი და ჰესე;

1860 წ-დან დანტისტი ობრეხტი

1877 წ-დან ვოლფზონი, ედუარდ ვესტი და ფრიდრიხ ნეილანდი;

1890 წ-დან კამაევი და ვალტერი;

1910 წლისთვის მხოლოდ ქ თბილისში 22 კბილთსამკურნალო კაბინეტი იყო დარეგისტრირებული;

1914 წლის სტატისტიკა კი ასეთ ინფორმაციას გვაწვდის: აღმოსავლეთ საქართველო – 56 დანტისტი ( მათგან 9 ქართველი), კერძოდ თბილისში 42 ექიმი მოღვაწეობდა.

1921 წლის 4 ივნისს საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება კერძო სტომატოლოგიური კაბინეტების კონფისკაციის შესახებ.

იმავე წელს ამ დადგენილების საფუძველზე თბილისში პუშკინის ქუჩის 15 ნომერში ჩამორთმეული იქნა შტრეიხერის კბილის სამკურნალო კერძო ბაზა და გაიხსნა ამბულატორია, ხელმძღვანელად დაინიშნა ექიმი სტეფანე მარგველაშვილი. ასევე ქ.თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში იყო ერთი კაბინეტი, რომელიც შემდგომ 1924 წელს გაფართოვდა და ჩამოყალიბდა კბილის სამკურნალო ცენტრალურ ამბულატორიად. 1927 წელს ამავე ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური სტომატოლოგიური პოლიკლინიკა კარაგულიანის ხელმძღვანელობით, შემდგომში აქ მდებარეობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალური სტომატოლოგიური პოლიკლინიკა.

1922 წელს თბილისში ვანქის ქუჩაზე გაიხსნა დაზღვეულთა ამბულატორია, სადაც იყო კბილის სამკურნალო განყოფილება, მას ხელმძღვანელობდა ა.ურუშაძე.  http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

1926 წელს კი გაიხსნა მრავალპროფილიანი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა აპოლონ ურუშაძის ხელმძღვანელობით.

Image

1921 წლის ბოლოს დაიხურა პლეხანოვის 126-ში არსებული ზიკეევისა და ნევტონოვის კერძო კბილის საექიმო სკოლა და გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ამ მისამართზე 1922 წლის 30 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტთან შეიქმნა ოდონტოლოგიის კათედრა და კლინიკა. ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი (შემდგომში აკადემიკოსი) გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე. http://dspace.nplg.gov.ge//handle/1234/1163?mode=full

Image

ასისტენტი: ჭიჭინაძე. ლაბორანტი: ოტო ჰაინე. ორდინატორები: ნინო ჩხეიძე და მარიამ ბარათაშვილი. 1924 წლის 15 ივნისიდან ორდინატორად დაიწყო მუშაობა ალექსანდრე ედიბერიძემ.

1931 წლის 7 ნოემბერს ამავე მისამართზე გაიხსნა სტომატლოგიური საავადმყოფო. ამ პერიოდისთვის ფაკულტეტის დეკანი იყო პროფესორი ალ.წულუკიძე.

1933 წლის 7 მაისს ალ.ედიბერიძის წინადადების საფუძველზე აქვე გაიხსნა ქალაქის მე-3 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, დირექტორი ალ.ედიბერიძე.

1935 წელს სტომატოლოგიური კლინიკა გადაეცა ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ ინსტიტუტს.

სტომატოლოგიურ კლინიკას ხელმძღვანელობდნენ:

1922-1929 წწ პროფ.მუხაძე;

1930-1935 წწ პროფ ედიბერიძე;

1936 წ  პროფ ურუშაძე;

1936-1937 წწ პროფ მარდალეიშვილი;

1937-1941 წწ პროფ ურუშაძე;

1952 წელს იგი გადაეცა ახალ გახსნილ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს. ხოლო 1956 წელს გადაკეთდა რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკად.

საქართველოში სტომატოლოგიის განვითარების უახლესი ისტორია კი ადვილად მოსაძიებელია და ამიტომ აქ უკვე დავამთავრებ  მიმოხილვას, უდიდესი მადლობა აწ გარდაცვლილ ექიმ ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძეს ამ მასალების შენახვისათვის, შთამომავლობამ უნდა იცოდეს თუ ვინ იყო ამ პროფესიის პიონერები, მითუმეტეს როდესაც საუბარია კორიფეებზე.

 

დენტალური ( კბილის ) იმპლანტაცია ერთმომენტიანი დატვირთვით.


საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ,  რომ ექიმი-იმპლანტოლოგები,  შეგნებულად ახანგრძლივებენ დენტალური იმპლანტაციის ვადებს ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი დასრულდეს ექიმთან ერთი ვიზიტის ფარგლებში. ეს აზრი გავრცელებულია, როგორც პაციენტებში,  ასევე ექიმებშიც.

სტატიის მიზანია პაციენტებს და ასევე ექიმებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ხელისშემშლელ და ხელისშემწყობ ფაქტორებზე რომლებიც დაკავშირებულია დენტალური იმპლანტაციისას ერთმომენტიან დატვირთვასთან.

პირველ რიგში ავხსნათ რას ნიშნავს ეს ფრაზა. პაციენტი მოვიდა კლინიკაში უკბილოდ და გავიდა უკვე კბილით, შესანიშნავი სცენარია, რომლის მომხრეც ძალიან ბევრი იქნება და მათ შორის მეც.

 იმპლანტაციის ოპერაციის დღესვე  იმპლანტზე შეიძლება დამაგრდეს დროებითი ან მუდმივი ხელოვნური გვირგვინი!

ეს მითი არ არის, ეს რეალობაა, მაგრამ ამისათვის საჭიროა მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები. განვიხილოთ თითოეული მათგანი. დენტალური იმპლანტაციისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმპალნტის პირველად ფიქსაციას ძვლოვან ქსოვილში. რიგი ავტორებისა მიგვანიშნებენ პირველად კარგ ფიქსაციაზე, როგორც დენტალური იმპლანტაციის წარმატების წინაპირობაზე, თუმცა პირველადი ფიქსაცია წარმატებული იმპლანტაციის  ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის და იმ იმპლანტის ოსტეოინტეგრაციაც მიგვიღია, რომლის პირველადი ფიქსაცია არადამაკმაყოფილებელი იყო.  ამაში ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან.

არსებობს სიტუაციები, როდესაც პაციენტს აქვს კარგად განვითარებული და შენარჩუნებული ალვეოლური მორჩი და ოპერაციის მსვლელობისას აღინიშნება იმპლანტის პირველადი ფიქსაცია 40 n/cm  ან მეტი. ასეთ შემთხვევაში თუ კი შესაძლებელია და პაციენტი თანახმაა, ხდება ახალ ჩანერგილ იმპლანტზე ზემოდან ხელოვნური გვირგვინის დაფიქსირება, ხელოვნური გვირგვინის სახეობის (დროებითი თუ მუდმივი), განსაზღვრა ხდება ადგილზე,  მოცემული კლინიკური სურათის მიხედვით. ვარიაციები შემდეგია: დროებითი აბათმენტი + დროებითი გვირგვინი; მუდმივი აბათმენტი + დროებითი გვირგვინი;  მუდმივი აბათმენტი + მუდმივი გვირგვინი .

რამდენად მისაღებია მუშაობის ეს მეთოდი?!

აბსოლუტურად მიღებული და დამუშავებული მეთოდიკაა  მსოფლო პარაქტიკაში მიღებული და გამოყენებული, უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველი ინდივდუალური შემთხვევისას ხელისშემწყობი  და ხლისშემშლელი ფაქტორები.

კლინიკური სურათი ყოველთვის ისეთი არ არის როგორც სახელმძღვანელოებში გვიხატავენ. არ არსებობს ორი ერთნაირი კლინიკური სურათი, არსებობს მხოლოდ მსგავსი სიტუაციები. თუ პაციენტი საფუძვლიანად არის გამოკვლეული და დენტალური იმპალნტაცია გონივრულად დაგეგმილი, ლაფსუსები იშვიათად ხდება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმმა წინასწარ იცის (საფუძვლიანი გამოკვლევისა და CT მონაცემების ანალიზის შედეგად), რომ იმპლანტაციის ოპერაციისას, შეიძლება დაჭირდეს ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენა ხელოვნური ძვლის შემცვლელი მასალით, მემბრანით და კიდევ სხვა დამხმარე საშუალებებით, დამაკმაყოფილებელი პირველადი ფიქსაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად ერთმომენტიან დატვირთვაზე ოცნებაც არ ღირს. ამის შესახებ პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში  პაციენტი პირველად ინფორმაციას უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე რეკლამის საშუალებით იღებს. რეკლამა კი მოგეხსენებათ „პროდუქტის“ გაყიდვაზე ორიენტირებული საშუალებაა, რომელიც რეალურად ძალიან მწირ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს.

 საინტერესო სარეკლამო რგოლი ვნახე კიევში ყოფნისას – „ლაზერული იმპალანტაციის“ რეკლამა, ანუ პაციენტებს სთავაზობდნენ ლაზერულ იმპლანტაციას ერთმომენტიანი დატვირთვით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რეკლამის ხრიკია, შეუძლებელია მოკლე სარეკლამო რგოლში პაციენტებს ავუხსნათ, რომ ყველა მეთოდს თავის ჩვენება და უკუჩვენება აქვს, ასევე ვერ აუხსნი, რომ ლაზერული იმპლანტაცია სხვა არაფერია თუ არა ლაზერის აპარატით რბილ ქსოვილზე პირველადი განაკვეთის გატარება (სასიამოვნოა, რომ ეს სკალპელით არ გაკეთდება, და სისხლს არ დავკარგავთ), ხოლო ყველაფერი დანარჩენი კი ზუსტად ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში. რას იზამთ რეკლამა რეკლამაა, იგი უნდა იყოს მოკლე, გასაგები და ხალხი უნდა მოიზიდოს.

თუმცა შემდგომ ჩვენ ექიმებს, გვჭირდება დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ   რეკლამებით მოხიბლულ პაციენტს ავუხსნათ და გავაგებინოთ რატომ ვერ უკეთდება მას მოცემულ კლინიკურ სიტუაციაში   იმპლანტაცია ერთმომენტიანი დატვირთვით, რომ  არ დაგდოთ ბრალი დაბალ პროფესიონალიზმში, ვინაიდან მისთვის არაფრისმთქმელია ძვლოვანი სტრუქტურის რესურსი, პირველადი ფიქსაცია და რაღაც n/cm ერთეულები.

რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ კოლეგებს თავიანთი საქმიანობის რეკლამა დავუშალოთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ პაციენტს!

„ყველაფერი უფრო ადვილია ვიდრე თქვენ ფიქრობთ“,  ეს არის შესანიშნავი ფრაზა, რათა პაციენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ფრაზას შესაბამისი კლინიკური სიტუაციის დეტალური გამოკვლევა, შესაბამისი დაგეგმარება და მართებული მკურნალობა უნდა მოყვებოდეს!

დენტალური ( კბილის ) იმპლანტაცია და ძვლოვანი ქსოვილის აუგმენტაცია ( ვერტიკალური და ჰორიზონტალური აუგმენტაცია)


დენტალური ( კბილის ) იმპლანტაცია და ძვლოვანი ქსოვილის აუგმენტაცია ( ვერტიკალური და ჰორიზონტალური აუგმენტაცია).

დენტალური ( კბილის ) იმპლანტაცია და ძვლოვანი ქსოვილის აუგმენტაცია ( ვერტიკალური და ჰორიზონტალური აუგმენტაცია)


Image

საექიმო პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი ექიმს მიმართავს დენტალური იმპლანტაციის ჩატარების სურვილით, იგი მომზადებულია ფსიქოლგიურად, გარკვეულია არსებულ საკითხებში, ინტერნეტი დღეს დიდ შესაძლებლობებს იძლევა, რათა პაციენტმა მოიძოს ესა თუ ის ინფორმაცია, ფინანსური მხარდაჭერაც გააჩნია, მოკლედ თითქოს ხელშემწყობი ფაქტორები უხვადაა, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ თითქმის იდეალურ პაციენტს ყბების ძვლოვან სტრუქტურაზე არა აქვს საკმარისი რესურსი. ზედა ყბაზე  საღეჭ მიდამოში არსებულ ასეთ სიტუაციებს მიეძღვნა სტატია „სინუსლიფტინგი“, რომელიც ამავე ბლოგშია განლაგებული და მსურველებს შეუძლიათ მოიძიონ.

რისი გაკეთება შეიძლება მოცემულ სიტუაციაში?

Image

დღევანდელ დღეს შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია ტექნოლოგიების ცოდნა, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და ფინანსური მხარდაჭერა!

Image

დავიწყოთ ტექნოლოგიებით. არსებობს ძვლოვანი სტრუქტურის ჰორიზონტალური და ვერტიკალური აუგმენტაცია. აქვე ავხსნი, რომ არის შემთხვევები, როდესაც არ არის ყბის ალვეოლის საკმარისი სისქე და სიღრმე, მოგეხსენებათ დენტალურ იმპლანტებს გააჩნია თავისი დიამეტრი და სიგრძე. სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა მონაცემებით აწარმოებს პროდუქციას, დაწყებული დიამეტრი 2.4 მმ-დან და 6.0 მმ-ით, ასევე სიგრძე 5 მმ-დან 22 მმ-დე, ეს ისე პირობითად მოვიყვანე ეს ციფრები. შესაბამისად ასეთი მონაცემების იმპალნტების ჩასმისთვის შესაბამისი ზომის ალვეოლური  მორჩია საჭირო. 

Image

იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი ზომის ალვეოლური  მორჩი, შეიძლება გამოყენებული იქნეს ძვლის გადანერგვა, გამოიყენება, როგორც ხელოვნური ძვლის შემცვლელი მასალები, ასევე აუტოძვალი, ანუ პაციენტის საკუთარი ძვლოვანი სტრუქტურა, რომელიც დეტალური გამოკვლევის შემდეგ აღებული იქნება დონორული უბნიდან და გადაინერგება რეციპიენტულ ზონაში. აღნიშნული ოპერაცია მოითხოვს კარგ გათვლებს და ზედმიწევნით ზუსტ შესრულებას. 100% -იანი წარმატება მედიცინაში არ არსებობს, შესაბამისად ამ ოპერაციის წარმატება და წარუმატებლობა განიხილება პაცინტთან ერთად და თუ პაცინეტი განაცხადებს ინფორმირებულ თანხმობას, უკვე ფინანსური მხარდაჭერის საკითხი დგება, მოგეხსენებათ პლასტიკური ქირურგია,  და ეს პროცედურა პროტოკოლის მიხედვით არა მარტო ძვლოვან, არამედ რბილი ქსოვილების პლასტიკასაც მოიცავს, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მცირე ბიუჯეტიან ოპერაციად ვერ ჩაითვლება, ძალიან ცოდოა ექიმი, რომელიც  მწირი დაფინანსების გამო შეზღუდულია გამოსაყენებელი მასალების არჩევაში. 

Image

Image

Image

სამწუხაროდ ესეთი ოპერაციების ჩატარება საქართველოს პირობებში ეჯახება შემდეგ პრობლემებს: პაციენტის მხრიდან შიშს პროცედურისადმი ( ძვლის გადანერგვა, მიხრახვნა- მოხრახვნა , მოჭრა , გადატანა), ამიტომ ხშირად კოლეგები ესეთ ოპერაციებს სრულიად არაინფორმირებულ პაციენტებს უკეთებენ, ეშინიათ რა, რომ პაციენტი, თუ იგი დეტალებში გაერკვევა, უარს განაცხადებს ოპერაციაზე, გვავიწყდება ერთი ჭეშმარიტება „ კარგი პაციენტი , ინფორმირებული პაციენტია!“ ეს ფრაზა ეკუთვნის ყველასათვის საყვარელ და დიდ პედაგოგს პროფესორ ი.ი. ბერნადსკის.

Image

 მეორე პრობლემა 100%-იანი გარანტიებია , რომლებსაც ჩვენი პაციენტები ითხოვენ, აქაც საკითხი გახსნილად რჩება, რამეთუ პრაქტიკოსი ექიმების უმეტესობა უბრალოდ კბილის დაბჟენისასაც კი იძლევა 100%-იან  გარანტიებს, ამაზე მიჩვეული პაციენტი კი ყველაფერში გარანტიებს მოითხოვს და როდესაც მას ვუხსნით, რომ მედიცინაში გარანტიები არ არსებობს გაკვირვებული რჩებიან. კიდევ ერთხელ უნდა ავხსნათ, როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის რომ სამედიცინო მომსახურეობის სფეროში, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფინანსური გარანტიები, რომლებიც განხილული უნდა იყოს პაციენტსა და კლინიკას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ( რატომღაც მგონია, რომ ეს ფრაზა გაკვირვებას გამოიწვევს, როგორც პაციენტებში, ასევე ექიმებში)

Image

მესამე პრობლემაა დრო! მოგეხსენებათ ასეთ ოპერაციების შედეგების ცდას დიდი დრო სჭირდება. ძვლოვანი აუგმენტაციის შემდეგ ლოდინისა და კლინიკური დაკვირვების დრო იჭიმება 6-8 ხანდახან 12 თვეც კი, ასეთ მსხვერპლზე კი ჩვენი პაციენტი ვერ მიდის, მას უნდა, რომ შევიდეს კლინიკაში უკბილოდ, მაგრამ გამოვიდეს უკვე კბილებით.

ძვირფასო პაციენტებო ესეთი შდეგები რა თქმა უნდა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი ყბების ძვლოვანი სტუქტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ დენტალური იმპლანტაცია ერთმომენტიანი, დაუყოვნებელი დატვირთვით, ანუ ხელოვნური კბილის გვირგვინი გაკეთდეს იქვე ოპერაციისას. ამ თემას ცალკე სტატიაში განვიხილავთ დეტალურად.

ქართული მარკეტინგი და მენეჯმენტი სტომატოლოგიაში


სტომატოლოგიური მასალების ერთ-ერთ მაღაზიაში საინტერესო სცენას წავაწყდი. ჩემს წინ რიგში ქალბატონი იდგა და ხელში სია ეკავა , როდესაც რიგმა მოუწია აღმოჩნდა რომ ქალბატონი პაციენტია და ექიმმა გამოაგზავა მისთვის საჭირო ანესთეტიკის და საბჟენი მასალის საყიდლად?! მაღაზიის მომსახურე პერსონალისგან გავიგე რომ ესეთი სცენები არც თუ იშვიათია. თავიდან გულიანად გამეცინა, შემდეგ კი პირიქით ძალიან გავბრაზდი!

გავბრაზდი პაციენტზე, ექიმზე და იმ კლინიკის ხელმძღვანელობაზე სადაც ეს ექიმი მუშაობს.

მოდით გავაანალიზოთ! პაციენტი მიდის ექიმთან და აღმოჩნდა, რომ ექიმი ზის თავისთვის ელოდება პაციენტს და იმისათვის რომ პაციენტი მიიღოს არავითარი პირობები არა აქვს, არა მარტო პირობები , არა აქვს ასევე მასალა რათა ჩაატაროს მკურნალობა, პაციენტი ღებულობს მისი ხელიდან საჭირო მედიკამენტების სიას და მორჩილად მიემართება მაღაზიაში…..

ეხლა გეკითხებით! ბნელა? რომელი საუკუნეა? რა ხდება! რატომ არჩევს პაციენტი ასეთ ექიმს და ასეთ კლინიკას? აქ ორი მიზეზია. პირველი – პაციენტს მეტი ცხოვრებაში არაფერი არ უნახავს, გარდა ასეთი მოპყრობისა და ასეთი მომსახურეობისა, მისი IQ დასაშვებზე დაბალია და ამიტომ აპამპულებინებს თავს. მეორე – ექიმის IQ-ც არ ტოვებს დიდ შთაბეჭდილებას, გაყინულია ურთიერთობების ასეთ დონეზე ( თუმცა ეს დონე არცერთმა ექიმმა არ უნდა გამოცადოს, ყბა-დაღებული სამოქალაქო ომის დროსაც კი წმ. მიხეილის სახელობის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებიდან პაციენტი არ გაგვიგზავნია თუნდაც ბინტის მოსატანად, თუმცა გაგვიგია რომ სხვა კლინიკებში ესეთ ფაქტებს ქონდა ადგილი, მაგრამ ომი იყო და გაჭირვება. დღეს?) ექიმი მორგებულია ასეთ ურთიერთობებს და შემდეგ იადვილებს საქმეს, საინტერესოა შეძენილი მასალის ანგარიშ ფაქტურა არ სჭირდება? ასევე საინტერესოა რა შიდა კალკულაციით გამოყავს ნოზოლოგიათა მკურნალობის ფასები? როგორ იხდის გადასახადებს? და იხდის კი საერთოდ რაიმე გადასახადს? ერთ პაციენტს მაინც თუ მიუღია ასეთ კლინიკაში მომსახურეობის საფასურის ქვითარი? რა თქმა უნდა იმუშავებს 10 ლარად. თქვენ კი ძვრფასო კოლეგებო იხადეთ გადასახადები და იყავით პირნათელი საგადასახადო კოდექსის წინაშე, კონკურენციას რითი გაუწევთ ამ „ინდოელ ქუჩის ექიმებს“ ( გინახავთ ალბათ YOU TUBE-ზე! ვისაც არ უნახავს უყურეთ http://www.youtube.com/watch?v=E0u5Dqm_G9M  ისიამოვნებთ)

სიტუაცია მეორე გავიგე რომ ერთ-ერთ კლინიკაში  ექიმები საკუთარი შეძენილი მასალებით მუშაობენ. ძალიან დამაინტერესა როგორ უნდა გაარჩიოს კლინკის ხელმძღვანელმა რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან მისი კლინიკის ექიმები? იყენებენ თუ არა კარგი ხარისხის მედიკამენტებსა და მასალებს? იქნებ უხარისხო, მხოლოდ სტუდენტთა პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი მასალებით მუშაობენ, მულაჟს კბილს რითი დაუბჟენ მე მგონი მნიშვნელობა არა აქვს! ყოფილა შემთხვევები  იაფად რომ გამოსულიყვნენ ვადაგასული მასალებიც გამოუყენებიათ. შემდეგ ესეთი სიტუაცია გაურკვევლობას იწვევს ექიმი X , რომელიც თავს უფლებას არ აძლევს გამოიყენოს დაბალი ხარისხის იაფფასიანი მასალები მუშაობს სხვა განფასებაში და იგივე კლინიკაში მეორე ექიმი Y იგივე ნოზოლოგიას სულ სხვა განფასებაში მკურნალობს, პაციენტი იბნევა. როგორ შეიძლება რომ ერთსადაიგივე კლინიკაში სხვდასხვა სავარძელზე სხვადასხვა ფასები მოქმედებდეს, გარდა ამისა ამ გაურკვეველი ვარიაციების გამო  კლინიკას სახელი უფუჭდება, ამაზე კი პირველ რიგში უნდა ფიქრობდეს კლინიკის მენეჯერი და ატყობინებდეს კლინიკის მფლობელს, რომ მისი ბიზნეს საქმიანობა საეჭვო გზაზე დგას, სახელის შექმნა ძნელია მისი გაფუჭება კი ძალიან ადვილია. გარდა ამისა ესეთ კლინიკებში სამწუხაროდ ხშირია მედ პერსონალის ხშირი ცვლა, პაციენტები ეჩვევიან ექიმებს, უცნობი სახეები მათ გარკვეულ წილად აფრთხობთ, მაგრამ ამასაც არ დაგიდევენ მთავარია რომ სადაზღვევო კომპანიები უგზავნიან „კლიენტებს“, არ შემშლია პაციენტებს კი არა „კლიენტებს“ იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანიისთვის ჩვენი პაციენტები კლიენტები არიან და მეტი არაფერი!

 

ვიზიტი სტომატოლოგთან ( ნიუანსები) № 1


Image

პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია კბილების დაკარგვასთან ან მათ არქონასთან ღრმა ფესვები აქვს და მათი განხილვა ამ სტატიის მიზანი არ არის, შემდგომში აუცილებლად დავუბრუნდებით ამ მიზეზებს, მაგრამ ეხლა უბრალოდ დავაკონკრეტოთ რომ არსებობს პირველადი ადენტია ( ანუ როცა კბილების ჩანასახები არ არსებობს და შესაბამისად მათი ზრდაც არ ხდება)  და მეორადი ადენტია ( ანუ კბილები იყო,  მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ისინი დაიკარგა) .

ადამიანები მოგეხსენებათ სხვადასხვაგვარად  აღიქვამენ პრობლემებს, ერთნი საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ რომ უკბილოდ დადიან და მათი ღიმილი ნაკლებ მომხიბვლელია, მეორენი დეპრესიაში ვარდებიან და გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იძენენ!

Image

ყოველივე კი უფრო მარტივია ვიდრე პაციენტებს წარმოუდგენიათ. მთავარია მონდომება, სტომატოლოგებისადმი და მათ მიერ ჩატარებული მანიპულაციებისადმი შიშის დაძლევა, ფინანსური მხარდაჭერა და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ყველაფერი ზედმიწევნით კვალიფიციურად ჩატარებული კონსულტაციით იწყება,  მიმაჩნია და კოლეგებიც დამეთანხმებიან რომ ზედაპირულად, ნაჩქარებად, კომპეტენციებში გაურკვევლად ჩავლილი ვიზიტი დამაკმაყოფილებელი არ უნდა იყოს პაციენტისთვის. სამწუხაროდ ხშირად ფიქსირდება პირუკუ რეაქცია, მოგეხსენებათ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას მოთმინება არ ყოფნის რათა ექიმთან ვიზიტს გარკვეული დრო დაუთმონ, სამწუხაროდ თვით სტომატოლოგებიც კი ძალიან ჩქარობენ დროზე მოახდინონ პაციენტის „სურვილები“ დააკმაყოფილონ და ანგარიშსწორების მომენტი რაც შეიძლება დააჩქარონ. შედეგად რას ვღებულობთ?  დროებით დაკმაყოფილებულ სურვილებს, დახარჯულ ფინანსებს და არა პრობლემის ხანგრძლივად (მუდმივი მოგეხსენებათ არაფერია)და საფუძვლიანად გადაწყვეტას. რეციდივები თავს იჩენს გარკვეული პერიოდის შემდეგ.

 მახსენდება ერთი პაციენტი პირობითად ავღნიშნოთ X-ით, რომელსაც კბილის ექსტრაქციის შემდეგ სურვილი ქონდა ჩაეტარებინა დენტალური იმპლანტაცია, სამწუხაროდ მას აღნიშნულ კბილზე ქრონიკული მაგრანულირებელი ანუ მოგრანულირე პერიოდონტიტი ქონდა ხვრელარხით, გამომდინარე აქედან ძვლის რესურსი თითქმის არ არსებობდა და ამიტომ მას დასჭირდა ძვლის აუგმენტაცია ( მარტივად ძვლის რესურსის გაზრდა, დავარქვათ ძვლის პლასტიკა, პაციენტებისთვის გასაგები რომ იყოს) და მხოლოდ ამის შემდეგ (8 თვე) დენტალური იმპლანტაციის ჩატარება. თუმცა პაციენტი ასახელებდა ექიმ Y –ს, რომლის უზომოდ მადლიერი იყო. ციტირებას გავაკეთებ „ ვენაცვალე Y  ექიმს, მან შემინარჩუნა ეს კბილი აგერ 8 წელია, მართალია წელიწადში 2-3 -ჯერ მასთან დავდიოდი, რაღაცას მიკეთებდა, მაგრამ ასე მითხრა- სანამ ხვრელარხი გაქვს და არ გაწუხებს, გქონდეს, არ ამოიღოო“  რა თქმა უნდა ესეთი გადაწყვეტილება ექიმის შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, ზემოთ აღნიშნული დიაგნოზი და ნოზოლოგია ბოლოსდაბოლოს კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება და ექიმს შეეძლო ეს მაინც გაეკეთებინა, ხოლო როცა შენიშნა რომ დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება, უნდა ჩატარებულიყო ექსტრაქცია და მადლიერი ძვალი გარკვეული დროის შემდეგ თავის თავს აღიდგენდა, ლოდინის მეთოდიკით კი მხოლოდ ძვლის რესურსის შემცირება მივიღეთ. სამწუხაროდ აღნიშნული პაციენტის კბილს მცდელობაც კი არ ეტყობოდა, რომ ექიმი რამეს აკეთებდა მის გადასარჩენად, გარდა რა თქმა უნდა ლოდინისა, ძალიან დამაინტერესა რას უკეთებდა წელიწადში 2-3 ჯერ მისულ პაციენტს 8 წლის განმავლობაში, მაგრამ მთავარი აქ ის არის რომ პაციენტი Y ექიმის კმაყოფილი იყო და არის!

მეორე შემთხვევა პაციენტს აღმოაჩნდა მარცხენამხრივი ოდონტოგენური ჰაიმორიტი ( ცხვირის დანამატი ღრუს, კერძოდ ზედა ყბის წიაღის ანთება, გამოწვეული კბილზე არსებული ქრონიკული პერიოდონტიტის გამო), პაციენტი გამოკვლეული იქნა და მას აეხსნა რომ მან უნდა მიმართოს ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებას , სადაც კვალიფიციურად ჩაუტარებენ მკურნალობას მიზეზის მოშორებითა და შედეგის აღმოფხვრით. და რას აკეთებს პაციენტი ამის შემდეგ? იგი იტარებს მკურნალობას ოტორინოლარინგოლოგთან 2 წლის განმავლობაში, რეციდივი რეციდვზე მეორდება. შემდგომ იტარებს ოპერაციას იგივე განყოფილებში. სადაც უტარდება რადიკალური ჰაიმოროტომია, მიზეზობრივი კბილის დატოვებით, რაც შემდგომში ისევ იძლევა რეციდივს, ტარდება განმეორებითი ოპერაცია, ისევ რეციდივი… და ალბათ ასე გაგრძელდებოდა, რომ ძალდატანებით (ექიმის-სტომატოლოგისა  და  ნათესავების მხრიდან) არ მიეყვანათ ყბა-სახის განყოფილებაში!

ეს ორი მაგალითი გვაჩვენებს, რომ არა მარტო სტომატოლოგები უშვებენ შეცდომებს. ამიტომ პაციენტი რაც შეიძლება ყურადღებით უნდა მოეპყროს ექიმის არჩევას და მათ მიერ ჩატარებულ კონსულტაციებს.

საუბარი გინეკოლოგთან ( პაციენტი არის 7 თვის ფეხმძიმე ) – გინეკოლოგი კრძალავს ადრენალინიანი ანესთეტიკის გამოყენებას, თუმცა არ გამორიცხავს ეპინეფრინიანი ანესთეტიკის ხმარებას!!!!!!!!!!!!!!!!

საუბარი პაციენტთან რომელსაც სტომატოლოგმა აუხსნა რომ მას ადრენალინზე თურმე ალერგია აქვს!!!!!!!!!!!! ძალიან ძნელია ესეთ პაციენტს აუხსნა რომ ასეთ შემთხვევაში იგი სიცოცხლის დასაწყისშივე განწირული იქნებოდა, რამეთუ მისი ორივე თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს სწორედ  ადრენალინს და არა MOBIL 1-ს.

ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი შეიძლება იქნეს მოყვანილი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. ყოველივე ეს ნათლად გვაჩვენებს რომ სტომატოლოგთან ვიზიტისას, არც პაციენტი და არც ექიმი არ უნდა აჩქარდეს,  არამართებული დასკვნები და დიაგნოზები არ უნდა დაისვას. გამოკვლევა და დიფერენციული დიაგნოზი უნდა იყოს ძირფესვიანი და დეტალური. 

სტატიის გაგრძელებაში განვიხილავთ სტომატოლოგთან ვიზიტის სხვა ნიუანსებს.

 Image

დენტალური იმლანტაცია და ოდონტოგენური წარმოშობის რადიკულური კისტა


Image

სამწუხაროდ ოდონტოგენური წარმოშობის რადიკულურ კისტა არც თუ იშვიათი დიაგნოზია. მათი წარმოშობის მიზეზები ცალკე თემაა, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და მას აუცილებლად დავუბრუნდებით. ამ სტატიის მიზანია გავაქარწყლოთ მითი იმის შესახებ, რომ თუ კი პაციენტს აქვს ოდონტოგენური კისტა იგივე ცისტა, არ შეიძლება მას ჩაუტარდეს  იმავე მიდამოში დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია.

ეს მოარული მითი მარტო პაციენტებში, რომ იყოს ფეხგადგმული ნაკლებად ავღელდებოდი მაგრამ სამწუხაროდ ესეთი აზრი კოლეგებისაგან  მომისმენია. შევთანხმდეთ რომ ზოგიერთი კოლეგის  განათლების დონე სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. მათი აზრი კი ხშირად  მათთან კონტაქტში მყოფი პაციენტებისთვის დეზინფორმაციის უდიდესი წყარო ხდება!

Image

Image

ყოველი კლინიკური შემთხვევა უნიკალურია და მხოლოდ საერთო მონაცემების მიხედვით შეიძლება მათი გაერთიანება, ქვემოთ მოყვანილი მაგალითი შეიძლება არ გაიგივდეს ყველა იმ შემთხვევასთან, რომლებთანაც ჩვენ გვექნება საქმე, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიქმნება.

Image

პაციენტი მამაკაცი 62 წლის. 11 კბილზე აღენიშნებოდა რადიკულური კისტა, ცისტქტომია ან ცისტოტომია არსებული კბილის შენარჩუნებით,  მოცემულ კლინიკურ სიტუაციაში მიზანშეწონილად არ ჩაითვალა! მიღებული იქნა ყველაზე მართებული გადაწყვეტილება კბილის ექსტრაქცია , ერთმომენტიანი იმპლანტაციითა და ძვლოვანი სტრუქტურის აუგმენტაციით. ოპერაციის დეტალები მხოლოდ პროფესიონალებს დააინტერესებთ, ამიტომ ამაზე არ შევჩერდები.

მოყვანილ რადიოვიზიოგრაფიულ სურათებზე აღინიშნება 2 წლის დაკვირვების შედეგები.

კარგად მოჩანს თუ როგორ მიდიოდა ინტეგრაციის პროცესი. შედეგი მიღებულია!  

Image

ავტორი   კახა გურგენიძე


implantacia

მიეცით თავს უფლება ლაღად გაიღიმოთ!

ავტორი ექიმი-სტომატოლოგი თამარ წიქარიშვილი

Image

დღეს ესთეტიკა ჩვენი კულტურის განმსაზღვრელ მოვლენად იქცა. ყველა დროის მოდის უცვლელი მახასიათებელია დახვეწილი ტანსაცმელი, შეუდარებელი აქსესუარები და ძვირფასი სუნამოს მომაჯადოებელი არომატი , მათი საშუალებით ადამიანი განუმეორებელ ინდივიდუალობას იძენს.

Image

კოსმეტოლოგის, სტილისტის, ვიზაჟისტის მომსახურეობები სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ითვლება, რომ ნამდვილი სილამაზის შექმნა მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია რომ ღირსეული იმიჯის შექმნისას ბევრი ფიქრობს რომ კბილების მოვლა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ, პროფესიონალების გარეშე, მაგრამ რა თქმა უნდა ცდებიან.

Image

რატომ მივმართო სტომატოლოგს როდესაც კბილები არ მტკივა? ყველაზე კვალიფიციური მკურნალობაც კი არ ნიშნავს იმას რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულია. მიღწეული ეფექტის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება პროფესიულ დონეზე.

ჩვენს კლინიკაში კი ამის ყველანაირი საშუალება არსებობს.

რას ნიშნავს პროფესიული ჰიგიენა? დღეს ეს საკმაოს გავრცელებულ პროცედურათა ნაკრებია. იგი მოიცავს კბილის რბილი და მაგარი ნადებების მოშორებას სპეციალური ულტრაბგერითი აპარატით, კბილების დამუშავებას აერფლოუთი, გაპრიალება სპეციალური პასტებით. შედეგი-ბუნებრივად მბზინავი ქათქათა კბილები. ჩვენების მიხედვით ტარდება სარემინერალიზაციო თერაპია, ფტოროპროფილაქტიკა.

პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლად…

View original post 31 more words